საჯარო გზებიდან სარბოლო ტრასაზე | Honda Prelude GT
იაპონურმა Honda-მ უახლესი Prelude წარადგინა და ავტოენთუზიასტებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მათი აღფრთოვანება კვლავ შეუძლია. თუმცა, თუ თქვენ გამოცდილ იაპონელ მრბოლელთა რიგებში არ ხართ, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ალბათ ამ ავტომობილის გამოცდის საშუალებაც ვერასდროს მოგეცემათ.
თქვენ წინაშე Prelude GT Prototype-ია, რომელიც 2026 წელს იაპონიაში გასამართი Super GT სერიისთვის განკუთვნილი ახალი GT500-ის „წინამორბედია“. აგრესიული იერსახის Prelude კი, Civic Type R GT500-ს ჩაანაცვლებს, რომელიც რბოლაში 2024 წლიდან მონაწილეობს. ტრასაზე ის ისეთ მეტოქეს დაუპირისპირდება, როგორებიცაა Toyota GR Supra GT500 — 2024 წლის ჩემპიონი და სავარაუდოდ 2025 წლის გამარჯვებული — და Nissan Z Nismo GT500.
HRC-ის ინფორმაციით, პროტოტიპის პირველი სატესტო გაშვება ოთხშაბათს შედგება. თუმცა კორპორაციას სხვა დეტალები, მათ შორის არც მანქანის მახასიათებლები და შესაძლებლობები არ გაუმჟღავნებია. მაგრამ გარკვეული ვარაუდების დაშვება მაინც შეგვიძლია. რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ უახლესი Prelude, მოდელის საგზაო ტრასებისთვის განკუთვნილი ვერსიისგან რადიკალურად განსხვავდება.
ცნობისთვის, 2026 წლის Prelude-ის სერიული ვერსია ჰიბრიდია, 2-ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე ძრავით, ორი ელექტროძრავითა და CVT გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ავტომობილი 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედარებისთვის გეტყვით, რომ ეს გაცილებით ნაკლებია 2-ლიტრიანი არაჰიბრიდული Civic Type R-ის ძრავის 315 ცხენის ძალაზე, რომელსაც ალბათ Prelude-ის ბევრი გულშემატკივარი ისურვებდა.
GT500-ის კატეგორიაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ Prelude ჰიბრიდულ სისტემას არ გამოიყენებს. ამის ნაცვლად, სარბოლო სპეციფიკაციის Prelude 2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის ძრავით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელიც 550-600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ხოლო ძრავიდან წამოსული სიმძლავრე უკანა ბორბლებზე გადანაწილდება.
გავრცელებულ სურათებზე კარბონის გამოკვეთულ პანელებს, გაფართოებულ მაშუქებსა და აეროდინამიკურ გაუმჯობესებებსაც ვხედავთ. თითოეულ კუთხეში კი, Rays-ის დისკებსაც შეამჩნევთ, Bridgestone-ის სლიკებით და AP მუხრუჭებით.