ჯეიმს ბონდი, ასტონ მარტინი, ასტონ მარტინი დიბი12, ასტონ მარტინი დიბი12 ესი
Aa
Aa

გაძლიერებული Aston Martin DB12 | ჯეიმს ბონდის სუპერქარი 690 ცხენის ძალით

Aston Martin-მა თავისი საკულტო მოდელის, DB12-ის განახლებული და გაძლიერებული ვერსია წარგვიდგინა. ახალი მოდელი ტვინტურბო 4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 690 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მოდელი 0-დან 100-მდე 3.4 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 325 კმ/სთ-ზე აღწევს.

ავტომობილის შესაძლებლობების ნაწილი ოპტიმიზირებული Launch Control-ის სისტემის საშუალებითაა გაუმჯობესებული. სტანდარტულ მოდელთან შედარებით, ამ მოდელში სიჩქარის გადართვისთვის საჭირო დრო 50%-ითაა შემცირებული. გარდა ამისა, ინჟინრებმა აქსელერატორის კალიბრაციაც დახვეწეს და მძღოლს კონტროლის კიდევ უფრო მეტი შეგრძნება მისცეს. მოდელს Bilstein DTX ამორტიზატორების ახალი პროგრამული უზრუნველყოფაც აქვს, რომელიც გორვისა და დახრილობის კონტროლის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ინჟინრების გუნდი არც ამით შემოიფარგლა და ავტომობილს საჭე და ელექტრული უკანა დიფერენციალიც შეუცვალა. როგორც სხვა გაუმჯობესებების შემთხვევაში, ცვლილებები მძღოლს კიდევ უფრო ბუნებრივი და ინტუიციური შეგრძნებისთვის უკეთეს კავშირსა და რეაგირების შესაძლებლობას სთავაზობს.

შიდა გაუმჯობესებების გარდა, ახალ ვერსიაში ექსტერიერიც მნიშვნელოვნად დახვეწილია. DB12 S-ს განახლებული წინა სპლიტერი აქვს, რომელიც მანქანის ვიზუალურად დაწევას უწყობს ხელს და დამატებით მიმჭერ ძალასაც უზრუნველყოფს. ამას დამატებული ვენტილირებადი კაპოტი და 21-ინჩიანი საბურავები, რომელიც კარბონის კერამიკულ სამუხრუჭე სისტემასთანაა დაკავშირებული. უკანა მხარეს კი, ახალ სპოილერსა და ბევრად აგრესიული ვიზუალის ბამპერსაც ვხედავთ.

DB12 S-ის მოდელს Aston Martin-ი კუპესა და კაბრიოლეტის ვერსიებად წარმოგვიდგენს. ავტომობილის ღირებულება ამ ეტაპაზე უცნობია, თუმცა კომპანია შეკვეთებს უკვე იღებს, მიწოდება კი, მომავალი წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

 

მსგავსი სიახლეები