Porsche-ს გაბრაზებული მძღოლები უჩივიან | თუმცა ეს მანქანებს სულაც არ ეხება
ამერიკის შეერთებულ შტატებში Porsche შესაძლოა ახალ სამართლებრივ დავაში ჩაერთოს - თანაც ისეთში, რომელიც რომელიმე მოდელის გაუმართაობას და ავარიის შემთხვევას არ ეხება. აშშ-ში გერმანული ავტომწარმოებლის წინააღმდეგ საქმე მომხმარებლებმა აღძრეს, რომელთა მტკიცებით, სახლის დასამუხტი მოწყობილობები ისე არ მუშაობენ, როგორც ამას კომპანია არეკლამებდა.
ჯორჯიას შტატის საოლქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი Porsche Mobile Charger Plus-ისა და Porsche Mobile Charger Connect-ის მოწყობილობებს ეხება. ორივე დასამუხტი საშუალება სახლის პირობებში მოსახერხებელი გამოყენებისთვისაა შექმნილი და წესით, 40-ამპერიან დენის წყაროში შეერთებისას, 9.5-დან 10.5 საათამდე პერიოდში, ავტომობილის ბატარეის პაკეტის დამუხტვას უნდა უზრუნველყოფდეს.
თუმცა მოსარჩელეების მტკიცებით, მოწყობილობები გადახურებისკენაა მიდრეკილი, რაც პოტენციურად დენის წყაროებს აზიანებს და ხანძრის რისკსაც ქმნის. მათივე თქმით, დამუხტვის დრომ შესაძლოა ორჯერ მეტი წაიღოს იმაზე, რამდენიც Porsche-ს რეკლამებშია ნახსენები.
საინტერესოა, რომ ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც Porsche-ს დასამუხტი მოწყობილობების გაუმართაობის გამო უჩივიან. მსგავსი სარჩელი კომპანიას 2023 წელსაც წაუყენეს. თუმცა ამ საქმის მოსაგვარებლად, Porsche მომხმარებლებისთვის ანაზღაურების გადახდას დათანხმდა და განახლებული მოწყობილობაც წარადგინა. ამის მიუხედავად, სასამართლო დოკუმენტის თანახმად, ცვლილებები ძირითადად კოსმეტიკური იყო და პრობლემას არ აგვარებდა.
„Porsche-ს გადაწყვეტილებამ ძირითადი პრობლემა არ გადაჭრა. დამუხტვისთვის საჭირო დამუხტვის დრო გაცილებით მეტია, ვიდრე კომპანიის განცხადებით უნდა იყოს. ეს ზღუდავს მომხმარებლების შესაძლებლობას, გამოიყენონ თავიანთი მანქანები საჭიროებისამებრ და რეკლამირებული წესით“, - ნათქვამია განცხადებაში.