ავტოსპორტი, ფორმულა 1, ლუის ჰამილტონი, მიხაელ შუმახერი, ფერარი, ფერნანდო ალონსო
Aa
Aa

რამდენად მნიშვნელოვანია ასაკი ფორმულა ერთში?

ფორმულა 1 სპორტია, რომელშიც შედეგს ხშირად წამის მეათასედიც ცვლის — წელს ეს განსაკუთრებით რელევანტური რეალობაა, რადგან, მაგალითად უნგრეთის გრან პრის კვალიფიკაციაზე 1-ელ და მე-10 ადგილზე გასულ მრბოლელებს შორის სიჩქარის სხვაობა 0.543 წამს შეადგენდა (რაც, რა თქმა უნდა, ახალი რეკორდია). 

შესაბამისად, ახალგაზრდობა ამ სპორტში წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრერეკვიზიტია — სწრაფი რეფლექსები, აღდგენის ნაკლები დრო და ძლიერი იმუნიტეტი ახალგაზრდა მრბოლელებს, ვეტერანებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. 

საკუთარ თავთან გულწრფელი რომ იყოთ: ზედიზედ ორი ღამის გათენება ათი წლის წინ უფრო მარტივად შეგეძლოთ თუ ახლა? შეგიძლიათ, პასუხი არ გაგვცეთ, ისედაც ცხადია... 

მიუხედავად ამისა, სპორტი ხშირად ბიოლოგიურ კანონებს სულაც არ ემორჩილება და მაშინ, როცა სპორტსმენი წესით უნდა ნელდებოდეს, მისი პერფორმანსი საპირისპიროს ამტკიცებს.

ხსენებულის საილუსტრაციოდ ფერნანდო ალონსო, ალბათ, საუკეთესო მაგალითია. 44 წლის მრბოლელი ისეთი თავზეხელაღებული და უკონკურენტო ვეღარ არის, თუმცა მაინც საკმარისად სწრაფია საიმისოდ, რომ მასზე ასაკით 2-ჯერ უმცროსი მრბოლელები შეარცხვინოს... თუმცა მეორე მხარეს არც მეტი, არც ნაკლები, 40 წლის ლუის ჰამილტონი დგას, რომლის ბოლოდროინდელი წარუმატებლობაც მეტწილად ლეგენდის ასაკს ბრალდება (ჰეითერების გასახარად, მისმა მეწყვილემ უნგრეთში პოულ პოზიციის დაკავებაც შეძლო). 

ეს ახალი დილემა არ არის — დეიმონ ჰილი ფორმულაში 31 წლის ასაკში გამოჩნდა (რაც დამწყებისთვის, დღევანდელი სტანდარტებით საპენსიო დროა) და 36 წლის ასაკში ჩემპიონი გახდა. მიუხედავად, ამისა 40 წელს გადაცილებული მიხაელ შუმახერის დაბრუნება რადიკალურად საპირისპირო ისტორიაა — ნიჭი და მოხერხებულობა ადგილზე იყო, თუმცა პერფორმანსი მაინც ძველი შუმის აჩრდილის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

უპირატესობები ასაკსაც აქვს: გამოცდილება დიდია, ფსიქოლოგიური წნეხი კი უფრო მარტივად გადალახვადი და ფიზიკურ დატვირთვას, სწორ კვებასა და ვარჯიშს სხეულიც უფრო მიჩვეულია. 

ბოლოს კი, არ შეიძლება არ აღინიშნოს ტექნოლოგიური განვითარების როლიც — ახალგაზრდა მრბოლელები ვიდეოთამაშებით სარბოლო რეაქციას ბავშვობიდან ივითარებენ — ეს შესაძლებლობაა, რომელიც ვეტერანებმა, ფაქტობრივად, სრულად გამოტოვეს. 

საბოლოოდ, ასაკი ფორმულაში აუცილებლად დაღმავალი ხაზი არ არის — ის უფრო ტალღაა, რომელზე სერფინგსაც ფერნანდო ჯერჯერობით შესანიშნავად ახერხებს. მთავარი ამ სპორტში კი, ალბათ, მაინც ტაბლოა და არა დაბადების მოწმობა.  

მსგავსი სიახლეები