მერსედესის ახალი თანამშრომელი არც ჭამს, არც სვამს და არც ხელფასს იღებს
თუ აიზეკ აზიმოვის გენიალური ნაწარმოების მიხედვით ალექს პროიასის მიერ გადაღებული „მე, რობოტი“ გინახავთ, გეტყვით, რომ ეს არცთუ მაინცდამაინც შორი მომავალია — ამას მერსედეს-ბენცი უკვე გვიმტკიცებს. გერმანული კომპანიის ქარხნებში ავტონომიური რობოტების რაოდენობა თანდათან იზრდება.
ჰუმანოიდი რობოტები ამჟამად საცდელი პროგრამის ნაწილები არიან, ხოლო Boston Dynamics-ის მიერ შექმნილი ოთხფეხა რობო-ძაღლი დუსელდორფში, სატვირთოების მწარმოებელ ქარხანაში, უკვე სრულყოფილი თანამშრომელია. გერმანული ავტომწარმოებლის პროგნოზების თანახმად, ეს სიახლე მერსედესს ყოველწლიურად ასიათასობით ევროს დაზოგვაში დაეხმარება.
ყურება და მოსმენა
მაინც, რას შეიძლება აკეთებდეს რობოტი ძაღლი ავტომობილების ქარხანაში? ის სპეციალური სენსორებითა და ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი და შეუძლია, მარტივად აღმოაჩინოს შეკუმშული ჰაერის გაჟონვა და სხვა საწარმოო ხარვეზები. გარდა ამისა, რობოტს ანალოგური საზომების ინსპექტირება და უჩველო ხმოვანი პატერნების ვიზუალიზებაც შეუძლია. ესეც რომ არ იყოს, ალბათ, სახალისოა იმის ყურება, როგორ დაცუნცულებს (ან დაკაკუნობს) თქვენს სამუშაო ადგილზე ძაღლი, რომელიც სინამდვილეში რობოტია...
მერსედესი პირველი კომპანია არ არის, რომელიც რობო-ძაღლს იყენებს. გასულ წელს Boston Dynamics-ის პროდუქტის გამოყენება ანალოგიური მიზნებით Jaguar Land Rover-ის ქოვენთრის ქარხანაშიც დაიწყეს.
ავტონომიური დრონები და ჰუმანოიდი რობოტები
დუსელდორფის ქარხანაში ძაღლი ერთადერთი რობოტი არ იქნება! მერსედესი სამუშაო სივრცეს ავტონომიური დრონებითაც ამდიდრებს, რომლებიც ქარხნის მთელ ტერიტორიაზე ცარიელი კონტეინერების დათვლით იქნებიან დაკავებული, რაც კომპანიას ადამიან თანამშრომლებს უფრო მნიშვნელოვანი დავალებებისათვის გამოუთავისუფლებს.
ეს ყველაფერი არ არის — კომპანიამ ამერიკულ Apptronik-ს ათობით მილიონი დოლარი გადაუხადა ჰუმანოიდი რობოტებისთვის, რომლებიც ბერლინის ქარხანაში გამოიცდებიან...
ეს რობოტები სრული ავტონომიურობისთვის არიან შექმნილი და დავალების შესრულება ადამიანების ზედამხედველობის გარეშეც შეუძლიათ — ისინი აღიქვამენ გარემოს, გადაადგილდებიან დამოუკიდებლად და ასრულებენ რუტინულ საქმეს, რომელსაც აქამდე ადამიანის ჩართულობა სჭირდებოდა. გარდა ამისა, Apptronik-ის ჰუმანოიდმა რობოტებმა იციან, როდის გაჩერდნენ — როგორც კი ბატარეის დაცლას იგრძნობენ, დასამუხტად თავისით მიდიან (დაახლოებით, თქვენი რობოტი-მტვერსასრუტივით, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის დივანის ქვეშ გაიჭედება — აი თქვენთვის სამსახურის წართმევაზე კი რა გითხრათ...)