Skoda, Lucid Air Sapphire, Hyundai Ioniq, ჰიუნდაი, კადილაკი, შკოდა, GCOTY
Aa
Aa

გერმანიის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებისთვის 4 ელექტრომობილი იბრძვის

ალბათ, ფიქრობთ, რომ გერმანიის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებისთვის (GCOTY) ბრძოლის ფავორიტები გერმანული ავტომწარმოებლების პროდუქტები არიან, არა? თუ კი, მაშინ ძალიან ცდებით — მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ ტრასებს ყველაზე მეტად BMW, Volkswagen და Mercedes უხდებიან, დაჯილდოების შედეგები საპირისპიროს გვიმტკიცებს. 

GCOTY-ზე სხვადასხვა ავტომწარმოებლის მოდელები 5 კატეგორიაში იბრძვიან, რომელთა გამარჯვებულთა შორისაც წლის საუკეთესო ავტომობილი გამოვლინდება. გამარჯვებულს 17 ნოემბრამდე ვერ გავიგებთ, თუმცა ქვეკატეგორიების მფლობელების „ვინაობა“ უკვე ვიცით.

ავტო-ჟურნალისტების ფავორიტებს შორის ორი ამერიკული ავტომობილი მოხვდა — Lucid Air Sapphire-მა პერფორმანსის კატეგორიაში ტიტული არავის დაუთმო — თუ აქამდე მის შესახებ არ გსმენიათ, ამ მანქანის შესაძლებლობების გაგების შემდეგ კითხვის ნიშნები გაგიქრებათ. 

Lucid Air Sapphire-ს 1234 ცხენის ძალის გამომუშავება და 2 წამში 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია — ეს მანქანა, ფაქტობრივად, ფიზიკის ექსპერიმენტია და მის გვერდით ისეთი დიდი სახელებიც კი, როგორიც BMW M5 და Porsche Taycan Turbo GT ნელი მოგეჩვენებათ. 

Lucid არ იყო ერთადერთი ამერიკული ავტომობილი, რომელმაც წარმატებას მიაღწია — მდიდრული მანქანების ქვეკატეგორიაში Cadillac Vistiq-მა გაიმარჯვა — კომპანია ევროპულ ბაზარზე ახლახან დაბრუნდა, თუმცა Vistiq აჩვენებს, რომ ავტომწარმოებელს სრულყოფილი ელექტრომობილების შექმნისკენ სწრაფვა თანდათან უფასდება. საინტერესოა ისიც, რომ ამ კატეგორიაში გამარჯვებული 2024 წელსაც კადილაკი გახდა, თუმცა იმ შემთხვევაში წარმატებულიმოდელი Lyriq იყო.


გერმანიის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდების მოსაპოვებლად კადილაკს თანამემამულის გარდა მოუწევს შეერკინოს Dacia Bigster-ს (ბიუჯეტური ავტომობილის ქვეკატეგორიაში გამარჯვებული), Skoda Elroq-სა (Compact კატეგორიაში გამარჯვებული) და Hyundai Ioniq 9-ს (პრემიუმ კატეგორიის გამარჯვებული). 

თუ ვერ შეამჩნიეთ, ჩამოთვლილი 5 კატეგორიიდან 4-ის გამარჯვებული ელექტრომობილია და გერმანულ ავტომობილს საერთოდ ვერ ვხვდებით — ყველაზე ახლოს გერმანიასთან შკოდას მოდელია, რომელიც Volkswagen ჯგუფის საკუთრებაშია. 

მსგავსი სიახლეები