Alfa Romeo Giulia-სა და Stelvio-ს წარმოებას 2027 წლამდე ახანგრძლივებს
ახალი თაობის Giulia (952) იტალიური ავტომობილების ბაზარზე უკვე 10 წელია ფიგურირებს და ამ დროის განმავლობაში ავტომოყვარულების აბსოლუტური უმრავლესობის სიმპათიების მოპოვება მაინც ვერ მოახერხა — ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს საკმაოდ ელეგანტური სედანი მოძველდა, მეორე ნაწილის აზრით კი ეს „დაძველება“ ღვინოსავით შეირგო.
სწორედ 2025 წელი იყო ის ზღვარი, როცა მისი გამოშვება უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა Alfa Romeo-მ გეგმები შეცვალა და მე-3 სერიის იტალიური კონკურენტის სიცოცხლე კიდევ 2 წლით გაახაგრძლივა.
იგივე პრინციპი შეეხო კიდევ ერთ მოდელს, Stelvio-საც, რომელიც ასევე 2027 წლამდე გააგრძელებს არსებობას. როგორც სედანი, ისე უნივერსალი პლატფორმა Giorgio-ზე არიან აგებული, რომელიც ყოფილი FCA Group-ის მილიარდ ევროიანი ინვესტიციის შედეგად შეიქმნა.
მიზეზი, რომლის გამოც კომპანიამ Giulia და Stelvio დროებით შეინარჩუნა, მათი შემცვლელების შიგაწვისძრავიანი ვარიანტების დახვეწაა. თავდაპირველი გეგმით, Alfa Romeo 2027 წლამდე სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე უნდა გადასულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე იტალიელ ავტომწარმოებლებს წარმოედგინათ — ახალი თაობის მოდელები ორივე ფორმით იქნება ხელმისაწვდომი (შიგაწვისძრავიანი ავტომობილების მოყვარულებს შეუძლიათ გაიხარონ).
შესაბამისად, ახალი თაობის Stelvio და Giulia ხელმისაწვდომები იქნებიან მაშინ, როცა კომპანია შეძლებს, რომ ამ მოდელებში საწვავზე მომუშავე ძრავები მოათავსოს, რასაც პლატფორმა STLA Large-ის გადაკეთება სჭირდება (ეს კი დიდ შრომას მოითხოვს).
ახლა კი მთავარი კითხვა შემდეგია — რომელი ძრავებით იქნებიან აღჭურვილი ახალი თაობის Alfa Romeo-ები? ჯერჯერობით, ყველაზე სარწმუნო ვერსიით, ეს Dodge Charger Sixpack-ის ორტურბინიანი, 6-ცილინდრიანი ძრავა „Hurricane“ იქნება. რაც შეეხება Quadrifoglio ვერსიებს, მათში, სავარაუდოდ Maserati-ს V6 ძრავებს მოათავსებენ.