რალის პოლონელმა ჩემპიონმა 1 ავზი დიზელით 2830 კილომეტრი გაიარა
რალის პოლონელმა ჩემპიონმა, მიკო მარჩიკმა, ევროპაში მოგზაურობისას დიზელით სავსე 1 ავზით, Skoda Superb-ით არც მეტი, არც ნაკლები, 2830კმ-ის გავლა შეძლო და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
მარჩიკი სრული სვლით მართვასაა მიჩვეული, თუმცა გაზის პედალს, ამ შემთხვევაში, ბევრად იშვიათად იყენებდა. გამოცდილმა მძღოლმა რამდენიმე ქვეყნის საზღვარი ისე კვეთა, რომ საწვავი, რა თქმა უნდა, არც ერთხელ არ ჩაუსხამს.
ევროპული რალის ჩემპიონს, მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებზე ავტომობილებს არ ინდობს, ყოველდღიურ ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებული გატაცება აქვს — ის იკვლევს, რამდენად შორს წავა ისე, რომ მანქანა არც ერთხელ არ დაამტვრიოს (ეს ნახევრად ხუმრობით)...
რეკორდის მოსახსნელად, მიკომ თავისი Skoda Superb-ის 66-ლიტრიანი ავზი პოლონეთის ქალაქ ლოძში ბოლომდე აავსო და იმოგზაურა გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში, ბოლოს კი უკან, პოლონეთში მობრუნდა. საშუალოდ, ყოველ 100 კილომეტრზე მარჩიკის შკოდა 2.61 ლიტრ დიზელს მოიხმარდა, რაც გინესის წიგნში შესასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.
ფიქრობთ, რომ რალის ჩემპიონის შკოდა რამე განსაკუთრებული მოდელი იყო? ცდებით, ეს აბსოლუტურად სტანდარტული Skoda Superb 2.0 TDI იყო, 148 ცხენის ძალითა და შვიდსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. განსაკუთრებული მხოლოდ მისი მძღოლია...
მარჩიკი საშუალოდ 80 კმ/სთ სიჩქარით, ძირითადად ქარის მიმართულებით მოძრაობდა. გარდა ამისა, რამდენიმე კილომეტრით წინ დამხმარე ავტომობილი მიჰყვებოდა, რომლის მძღოლიც მიკოს მოსახვევების შესახებ წინასწარ ზუსტ ინფორმაციას აწვდიდა, რათა მუხრუჭის გამოყენება მინიმუმამდე შეემცირებინა.
დიზელზე მომუშავე ძრავები ევროპის საავტომობილო ბაზრიდან თანდათან ქრება (ამჟამად ჯამური გაყიდვების 8.3 პროცენტამდე შემცირდა), თუმცა შკოდა დანებებას არ აპირებს.
აი მარჩიკი კი შემდეგ გასვლას უკვე გეგმავს, რომლის მიზანიც 3000 კილომეტრიანი ზღვრის გადალახვაა, ამჯერად პრემიუმ საწვავით. სამომავლოდ, პოლონელი ელექტრომობილსაც გამოცდის.
წარსულში მან Skoda Enyaq EV ტატრების მთიანეთიდან ბალტიის ზღვამდე დატენვის გარეშე ჩაიყვანა, ხოლო Skoda Octavia RS iV-ით 107 კმ მხოლოდ 1 ლიტრი საწვავით გაიარა. ალბათ, მხოლოდ ძალიან ნიჭიერ მძღოლს შეუძლია, 2800 კილომეტრიანი სეირნობა ნელ ტემპში, ლეგენდარულ გარბენად აქციოს.