Corvette, Chevrolet, Corvette ZR1, შევროლეტი, შევროლეტ კორვეტი
Aa
Aa

ამ კორვეტმა ხანგრძლივად ისე სწრაფად იარა, რომ დნობა დაიწყო

გადაკეთებულმა C7 Chevrolet Corvette ZR1-მა ტეხასში, 2025 წლის BBORR-ზე (Big Bend Open Road Race), ახალი რეკორდი დაამყარა, თუმცა ამისთვის „ცეცხლოვანი“ ფასი გადაიხადა...

კორვეტმა გაიმარჯვა, თუმცა გარბენი დამდნარი უკანა ბამპერით დაასრულა, რაც კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ პლასტმასა და ექსტრემალური სიჩქარეები ერთმანეთთან მაინცდამაინც ვერ მეგობრობენ.

BBORR წელიწადში 2-ჯერ ტარდება და მძღოლებს, რომლებიც, როგორც წესი 320 კმ/სთ სიჩქარეს ყოველთვის ავითარებენ, ფორტ სტოკტონიდან სანდერსონამდე (დასახლებული პუნქტები აშშ-ში) და უკან, 175 კილომეტრის დაფარვა უწევთ.

წელს თავისი 2019 წლის Corvette ZR1-ის საჭესთან მჯდარმა ჯონ ანჰალტმა საშუალო სიჩქარის რეკორდი დაამყარა და აღნიშნულ მონაკვეთში, საშუალოდ, 278 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდა — წინა რეკორდი 277.2 კმ/სთ-ს შეადგენდა და ის 2002 წლის Corvette Z06-მა დაამყარა. დაახლოებით 41-წუთიან გარბენში, მაქსიმალური სიჩქარე, რომელსაც ანჰალტის კორვეტმა მიაღწია, 343 კმ/სთ იყო, რაც ძალიან შთამბეჭდავი მიღწევაა იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილს მასიური სპოილერი აქვს დამატებული. 

მიუხედავად ამ წარმატებებისა, გაუთვალისწინებელი პრობლემები მაინც წარმოიშვა — ZR1-ის უკანა მხარე ჩამოდნა... ამის მიზეზი შეიძლება სწორედ დამატებული აეროდინამიკური ფრთა იყოს, რომელმაც მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას უკანა მხარეს ვაკუუმი შექმნა და გამონაბოლქვ ცხელ ჰაერს გაფანტვის საშუალება არ მისცა. 

რა თქმა უნდა, სპოილერის დამატება ერთადერთი ცვლილება არ არის, რომელიც ანჰალტმა კორვეტში შეიტანა. მისი თქმით, ახლა ZR1 ქარხნულ ვერსიაზე, დაახლოებით, 30%-ით მძლავრია — აქვს რა ჩაბერვის უფრო დიდი კომპრესორი, გაუმჯობესებული ბარბაცა და სხვა არაერთი მოდიფიკაცია. 

მიუხედავად რეკორდისა, მძღოლს სჯერა, რომ მანქანის ლიმიტები ჯერ კიდევ ბევრის შესაძლებლობას მისცემს. ანჰალტის თქმით, მაქსიმალური სიჩქარით სიარულის შემთხვევაში, საწვავის ავზი 20 წუთში დაიცლებოდა, რაც მნიშვნელოვანი შეზღუდვაა. 

ვინ იცის, რომ არა ეს შეზღუდვა, შეიძლება კორვეტი დადნობის ნაცვლად, იქნებ აალებულიყო კიდეც...

მსგავსი სიახლეები