ილონ მასკი, ელექტრომობილი, ტესლა, ტესლა როდსტერი, კოსმოსი
Aa
Aa

Tesla-ს დედამიწასთან (ან მზესთან) შეჯახების შანსები გასაოცრად მაღალია

2018 წელს, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, SpaceX-ის მიერ შემუშავებული რაკეტა Falcon Heavy-ით, თავისი ელექტრომობილი კოსმოსში „გაამგზავრა“. ამ ფაქტის შესახებ ალბათ ყველას ძალიან კარგად გახსოვთ და დეტალებით თავსაც არ შეგაწყენთ, თუმცა ახლა უფრო საინტერესო ერთი ფაქტია: მეცნიერები თვლიან, რომ Tesla-ს Roadster-ი შესაძლოა დედამიწას შეეჯახოს და ამის შანსები, არც თუ ისე დაბალია.

ადამიანების უმრავლესობა ფიქრობდა, რომ Roadster-ი კოსმოსში უბრალოდ სამუდამოდ იხეტიალებდა. არის ალბათობა, რომ ბევრს მისი არსებობაც აღარ ემახსოვრებოდა, რომ არა წლის დასაწყისში მომხდარი შემთხვევა - როდესაც Tesla ასტეროიდში აერიათ. ამანაც მშვიდობიანად ჩაიარა და ყველამ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში განაგრძო, მაგრამ მისი არსებობა მეცნიერებს ნამდვილად არ დავიწყებიათ.

მათი აზრით, Tesla-ს კოსმოსური მოგზაურობა შეიძლება ისეთი უსასრულოც არ იყოს, როგორც ვვარაუდობდით. რეალურად, ელექტროკაბრიოლეტის დედამიწასთან (ან ვენერასთან, ან თუნდაც მზესთან) შეჯახების შანსები უფრო მაღალია, ვიდრე წარმოიდგენდით.

ამ ალბათობის გამოსათვლელად მკვლევრებმა თანამედროვე ტიპის ორბიტალურ სიმულაციები ჩაატარეს და ელექტრომობილის მომდევნო 15 მილიონი წელიც „იწინასწარმეტყველეს“. მათი შეფასებით, Tesla-ს ორბიტა, რომელიც დედამიწასა და მარსს კვეთს, იმდენად ქაოსურია, რომ რამდენიმე საუკუნის შემდეგ მისი ზუსტი მარშრუტის პროგნოზირება შეუძლებელია.

იმის გასაგებად, თუ სად შეიძლება Tesla-ს Roadster-ი აღმოჩნდეს, მეცნიერებმა ასობით კომპიუტერული მოდელი გამოიყენეს. დასკვნა: დაახლოებით 22%-ია იმის შანსი, რომ ელექტრომობილი ოდესმე დედამიწას შეეჯახება; ვენერასთან შეჯახების ალბათობა 12%-ია, ხოლო მზესთან - 12%.

ამჟამად, Roadster-ი მზის გარშემო მარსის ორბიტის მსგავს მანძილზე ბრუნავს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დიდი შანსია, რომ ჩვენი პლანეტის გრავიტაციამ ის მიიზიდოს. დროთა განმავლობაში, ეს გრავიტაციული „ბიძგები“ მას ან სხვა პლანეტაზე გადააგდებს, ან მზისკენ ჩაითრევს.

თუმცა თუ ნერვიულობის დაწყებას აპირებთ იმაზე თუ რა მოხდება საუკუნეების შემდეგ, გირჩევთ ტყუილად დრო არ დაკარგოთ: მეცნიერების თქმით, დედამიწასთან პირველი შესაძლო ახლო შეხვედრა მინიმუმ 100 წლის განმავლობაში არ მოხდება და მაშინაც კი, რეალური შეჯახების ალბათობა ასტრონომიულად დაბალი იქნება. ხოლო სხვა შემთხვევაში არსებობს ვებგვერდი, რომელიც Tesla-ს კოსმოსურ გადაადგილებას უწყვეტ რეჟიმში აკვირდება.

 

მსგავსი სიახლეები