Lamborghini სატვირთო გემის ჩაძირვით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უჩვეულოდ ეცდება
2022 წლის თებერვალში პორტუგალიასთან ახლოს, აზორის კუნძულებთან, სატვირთო გემ Felicity Ace-ს ცეცხლი მოეკიდა და ჩაიძირა — განადგურებულმა გემმა ფსკერზე VW Group-ის 4000 სუპერქარი ჩაიყოლა — განადგურდა ათასობით ძვირადღირებული Audi, Porsche, Bentley და Lamborghini.
შემთხვევა, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით ტრაგიკული იყო Lamborghini-სთვის, რადგან ბორტზე იტალიური ბრენდის უკანასკნელ Aventador-ებსაც შეხვდებოდით — ეს 15 ერთეული Lamborghini Aventador Ultimae იყო, რომელიც 2011 წლიდან დაწყებული მოდელის „კარის გაჯახუნება“ უნდა ყოფილიყო.
აღნიშნული ზიანის დასაბალანსებლად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ძალიან იშვიათად იღებს ხოლმე — შეჩერებული მოდელი გააცოცხლა.
Lamborghini Aventador Ultimae-ს მონაცემები:
ძრავა: 6.5-ლიტრიანი V12;
მაქსიმალური სისწრაფე: 355 კმ/სთ;
100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო: 2.8 წამი;
მართვის რეჟიმები: Strada, Sport, Corsa და Ego;
საწყისი ფასი: $453,000.
გემის ჩაძირვიდან მალევე, იტალიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეფან ვინკელმანმა, დაადასტურა, რომ კომპანია თითოეულ ჩაძირულ ავენტადორს აღადგენდა — ეს პირობა გავრცელდა განადგურებულ Huracán-ებსა და Urus-ებზეც.
საწარმოო შესაძლებლობიდან გამომდინარე, ეს რთული ამოცანა იყო, თუმცა Lamborghini-მ კლიენტები არ დააღალატა — თითოეული მომხმარებელი თავის ავტომობილს მიიღებს და Aventador-ის ისტორია ამით, ამ ეტაპზე, დასრულდება. 
2025 წლის დასაწყისში ალასკის სანაპიროსთან კიდევ ერთი გემი ჩაიძირა, რომელზეც 3000 ავტომობილი იყო განთავსებული — ასეთი შემთხვევები საავტომობილო ინდუსტრიისთვის ძალიან მძიმეა, რადგან, პირველ რიგში, წყალში იყრება ათასობით ადამიანის შრომა და, გარდა ამისა, კუთვნილ ავტომობილებს კლიენტები დროულად ვერ იღებენ.
და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ზიანიც, რომელსაც ჩვენი პლანეტა იღებს...