ელექტრომობილები, სასამართლო, სიაომი, სიაომი ესიუ7 ულტრა, სარჩელი
Aa
Aa

Xiaomi-მ იცრუა | ახლა მძღოლებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

შესაძლოა გახსოვდეთ კიდეც ის დრამა, ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლის, Xiaomi-ის მძღოლები კომპანიისგან თანხის სრულად დაბრუნებას რომ ითხოვდნენ. მფლობელები მწარმოებელს „ტყუილში“ ადანაშაულებენ და როგორც ჩანს, მართლებიც არიან.

მთავარი პრობლემა Ultra Xiaomi SU7-ა, კერძოდ კი ამ ელექტრომობილის კარბონის კაპოტზე მოთავსებული ორმაგი საჰაერო მილი. შედეგად ის, რამაც თავიდან EV-ების მოყვარულები მიიზიდა, ახლა სასამართლო დავის საგნადაა ქცეული.

Xiaomi-ის ორმაგი საჰაერო მილი კომპანიის მიერ გავრცელებულ რეკლამებში ფუნქციურ დანამატად იყო წარმოდგენილი, როგორც გამაგრილებელი სისტემა, რომელიც ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურაზეც ავტომობილის მაღალ წარმადობას უზრუნველყოფდა. მაგრამ მძღოლები მალევე მიხვდნენ, რომ ის მხოლოდ დეკორატიული ხასიათის იყო. ამასთან ერთად კი, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ფაქტი: EV-ზე ორმაგი საჰაერო მილის დაყენება მძღოლებს $5 800 დაუჯდათ.

რა ხდება ახლა? ჩინეთის სახალხო სასამართლომ განაჩენი SU7 Ultra-ს მფლობელების სასარგებლოდ გამოიტანა, თავდაპირველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და Xiaomi-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილი საჩივარიც უარყო. სამომხმარებლო ელექტრონიკის გიგანტსა და ელექტრომობილების მწარმოებელს ახლა მოუწევს რამდენიმე სახის ჯარიმა დაფაროს: აანაზღაუროს ორმაგი საჰაერო მილისთვის მფლობელების მიერ გადახდილი თანხა, კომპენსაციის სახით $17 640 გადაიხადოს და იურიდიული ხარჯების 1 400 აშშ დოლარიც დაფაროს.

ერთი შეხედვით, ალბათ ეს რიცხვები Xiaomi-სთვის ზღვაში წვეთია. ფინანსურად კომპანიას მართლაც რომ არაფერი დააკლდება. თუმცა რეპუტაციულ ზიანზე, რაც შემდგომ შეიძლება ფინანსურ ზარალშიც გადაიზარდოს, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით.

 

მსგავსი სიახლეები