Ford, Ford F-150, ფორდი, ფორდ ეფ-150
Aa
Aa

Ford ფსონს კვლავ შიგაწვისძრავიან სატვირთოებზე ჩამოდის — მიზეზები

ნოველისის ალუმინის ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა არაერთი ავტომწარმოებლის, მათ შორის Ford-ის ოპერაციებიც შეაფერხა, მათ შორის F-150-ების გაყიდვაც. ეს ინციდენტი „ლურჯ ოვალს“ საკმაოდ ძვირი დაუჯდა, რის კომპენსირებასაც სატვირთოების წარმოების ზრდით ცდილობს. 

გეგმის მიხედვით, Dearborn Truck Plant-ს, სადაც F-150 იწარმოება, მესამე ცვლა და 1200 დასაქმებული დაემატა. აღნიშნული თანამშრომლებისა და დამატებითი ცვლის წყალობით, Ford აპირებს 2026 წელს დამატებით 45000 F-150 აწარმოოს. მათ ტრადიციული ძალური აგრეგატი ექნებათ, რადგან ელექტრო F-150 Lightning-ის გაყიდვებმა მოლოდინები ვერ გაამართლა. 

ელექტრო სატვირთოების წარმოება დროებით დაპაუზებული დარჩება, რადგან კომპანია ამ ეტაპზე პრიორიტეტს შიგაწვისძრავიან და ჰიბრიდულ მოდელებს ანიჭებს, ვინაიდან ასეთი მოდელები ფორდისთვის უფრო მომგებიანია და ნაკლებ ალუმინს მოიხმარს. 

პაუზის გამო, Rouge Electric Vehicle Center-ის თანამშრომლებს დეარბორნში „გადაისვრის“, რათა მესამე ცვლას შეუერთდნენ და ახალწვეულებს ხელი შეუწყონ.

პოპულარული F-Series Super Duty-ს წარმოების გასაზრდელად, ავტომწარმოებელი კენტუკის ქარხანაში დამატებით 60 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც წინასწარი გათვლებით, ფორდს საათში ერთით მეტი სატვირთოს წარმოების შესაძლებლობას მისცემს — შეიძლება ამ ფორმით ბევრი არ ჩანს, თუმცა წლის განმავლობაში, მინიმუმ 5000-ით მეტ სატვირთოს ნიშნავს. თანხებს გამოიყენებენ ახალი თანამშრომლების გადამზადებისთვისაც. 

ჯამურად, ფორდი 50000-ით მეტ სატვირთოს გამოუშვებს და 1000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. 

„ის ხალხი, რომელიც ჩვენს კომპანიას აცოცხლებს, დამოკიდებულია ამერიკის ყველაზე პოპულარულ ავტომობილზე — F სერიის სატვირთოებზე და ჩვენც ჩვენს გუნდთან ერთად, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვცდილობთ“ — განაცხადა Ford-ის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა კუმარ გალჰოტრამ.

ნოველისის ხანძარი 2025-2026 წლებში, წინასწარი შეფასებით, კომპანიას 1 მილიარდ დოლარს აზარალებს. ფორდის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ჯიმ ფარლიმ განაცხადა, რომ Novelis-თან და სხვა კომპანიებთან აქტიურად მუშაობენ, რათა ქარხანა რაც შეიძლება მალე აღადგინონ და ალუმინის მიწოდება დარეგულირდეს. 

მსგავსი სიახლეები