ჩინეთის მიტოვებულ სასტუმროში იუთუბერმა ათობით ძვირადღირებული ავტომობილი აღმოაჩინა
2016 წელს მაკაოში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული სასტუმრო დაიხურა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავმა უწყებებმა ათობით დარღვევა აღმოაჩინეს — ნარკოტიკებით ვაჭრობა, ძალადობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მფლობელების ბნელი კავშირები და ა.შ. შესაბამისად, ერთ დროს მდიდრული ტურიზმის სიმბოლო დროის კაფსულად იქცა, რომელსაც თითქმის 10 წელია, მტვერი ედება.
სასტუმროს გარდაქმნაზე ან მის დანგრევასა და ახლის აშენებაზე არავის უფიქრია — შენობა და მისი სრული შიგთავსი მას შემდეგ ხელუხლებელია — რა თქმა უნდა, ეს სასტუმროს მდიდრულ ავტოპარკსაც ეხება.
მაკაოს ამ „ღირსშესანიშნაობას“ ცნობილი იუთუბ არხი, Exploring the Ubneaten Path ეწვია და გადაიღო ავტომობილები, რომლებიც პარკინგზე დასალპობად გაიმეტეს.
მივიწყებული დიდებულება
უპატრონოდ დაყრილი მანქანებიდან ყველაზე მდიდრული სასტუმროს შესასვლელთან განთავსებული სამი Rolls-Royce Phantom-ია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მინა ჩამტვრეულია და ქუჩის მხატვრებმა გრაფიტით „გაალამაზეს“, ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზეა და, წესით, მდიდრული ლიმუზინების აღდგენა რთული არ იქნება...
როლს-როისების გვერდით Mercedes-Benz S-class-ია დაპარკინგებული, რომელიც ასევე მტვრისა და ჭუჭყის სქელი ფენითაა დაფარული. სასტუმროს პარკინგზე შედარებით ნაკლებად მდიდრულ ათობით ავტომობილსაც შევხვდებით, მაგალითად Toyota Alphard-ებს, რომლებიც სტუმრების გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა.
კიდევ რამდენიმე საინტერესო მოდელის ამორჩევა შეიძლება — რამდენიმე Audi A8, Porsche Cayenne, Dodge Charger და Hummer H2 ლიმუზინი.
გარდა ავტომობილებისა, იუთუბერმა სასტუმროს ინტერიერიც გამოიკვლია (რაც არანაკლებ საინტერესო სანახაობაა) და შეგიძლიათ, ესეც ნახოთ.