BMW, Toyota, Toyota Supra, ტოიოტა, ტოიოტა სუპრა, ბეემვე, BMW Z4
Aa
Aa

Supra-ს მიმდინარე თაობის დასასრულის თარიღი ცნობილია — რა იქნება შემდეგ

Toyota-ს ცნობით, ამ თაობის უკანასკნელი Supra 2026 წლის მარტში გამოვა. აქამდეც ცნობილი იყო, რომ პირველად 2019 წლის იანვარში გამოჩენილი მოდელი, რომელიც BMW-სთან ერთად Z4-ის „ტყუპისცალად“ შექმნეს, მალე დაგვტოვებდა, თუმცა ზუსტი თარიღი ცნობილი არ იყო.


A90 Final Edition-ის ამერიკულ ვერსიას სიმძლავრე არ ემატება, თუმცა მოხვევადობა გაუმჯობესებულია და, შესაბამისად, უკეთ მართვადია. აი, რაც შეეხება იაპონურ ვერსიებს, ისინი უფრო მძლავრები იქნებიან და 429 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. 

ამერიკულ მოდელში BMW-ს მიერ მოწოდებული 3-ლიტრიანი, ტურბინიანი, 6-ცილინდრიანი ძრავა დგას, რომელიც 382 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, რაც სუპრას უკანა ბორბლებს 6-სიჩქარიანი მექანიკური, ან 8-სიჩქარიანი ZF ავტომატური სიჩქარეთა კოლოფით გადაეცემა.

2026 წელს დასრულდება BMW Z4-ის წარმოებაც. დღესდღეობით ორივე ავტომობილი ავსტრიაში, გრაცში, Magna Steyr-ის ქარხანაში იწარმოება — საავტომობილო გიგანტები სპორტქარების წარმოებაში კოლაბორაციის გაგრძელებას, ამ ეტაპზე, არ აპირებენ. 

მიუხედავად ყველაფრისა, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ — ეს ლეგენდარული Supra-ს დასასრული არ არის — მოდელი, რომელიც 1978 წლიდან გვიყვარს, კიდევ გამოჩნდება. გავრცელებული ჭორების თანახმად, 2027 წელს ახალ პლატფორმაზე აგებული მოდელი გამოჩნდება, რომელიც ტრადიციულ მახასიათებლებს (მაგალითად, უკანა ამძრავობას) შეინარჩუნებს, თუმცა ძრავის მწარმოებელი ამჯერად თავად Toyota იქნება. 

სუპრას პრობლემები კარგი ამბავია Nissan Z-ისთვის, რომელმაც აშშ-ში გაყიდვებში ლეგენდარული კონკურენტი მიმდინარე წელს გაანადგურა — 2025 წელს შტატებში 4800 Z გაიყიდა, როცა Toyota-მ მხოლოდ 2009 Supra-ს გაყიდვა შეძლო.

მსგავსი სიახლეები