ჯენერალ მოტორსი, კონცეპტუალური ავტომობილი, ბიუკი, ფუტურისტული მოდელი
Aa
Aa

1983 წლის Buick, რომელმაც მომავალი იწინასწარმეტყველა

1983 წლის ჩიკაგოს ავტოშოუზე Buick-მა ფუტურისტული კონცეპტუალური ავტომობილი, Questor-ი წარადგინა. ავტომობილი, რომელიც ერთგვარი ვიზუალიზაცია იყო იმის, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მანქანების მართვის გამოცდილება 1995 წლისთვის. ეს იყო ავტომობილი, რომელიც კომპიუტერით იმართებოდა, გასაღების როლს ლაზერები ასრულებდნენ და ციფრული ინსტრუმენტთა დაფაც ჰქონდა. ეს ყველაფერი კი დიდი ხნით ადრე იქამდე, სანამ სენსორული ეკრანები და უკაბელო კავშირები სტანდარტად იქცეოდა.

Questor-ი დამღლელი სამუშაო საათების შემდეგ შექმნილი პროექტი იყო, რომელზეც GM-ის ინჟინრების ჯგუფმა იმუშავა. შორიდან ის Buick-ის რიგით კუპეს ჰგავდა, თუმცა ინტერიერი? ინტერიერში ფუტურისტული იდეების მიქსი დაგხვდებოდათ.

როგორც ამბობენ, ეს ტიპიური Buick-ი მისი მინაბოჭკოვანი კორპუსის ქვეშ ელექტრონიკის ექსპერიმენტი იყო, რომელიც გზაზე მოძრავ სხვა არცერთ სატრანსპორტო საშუალებას არ ჰგავდა. ავტომობილს 14 ჩაშენებული კომპიუტერი მართავდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყველაფერზე, კომფორტით დაწყებული, მანქანის მუშაობით დასრულებული.

ავტომობილის დასაქოქად ან გასაღებად არც ლითონის გასაღები იყო საჭირო. ამ საქმეს „ლაზერული გასაღები“ უმკლავდებოდა, რომელიც უხილავი სხივით კარს აღებდა და მანქანის დასაქოქად საჭირო სისტემებს ააქტიურებდა. ხოლო ავტომატური ასისტენტი, სახელწოდებით Sentinel-ი არეგულირებდა სავარძლებს, მუხრუჭებს და მათ შორის სტერეოსაც კი - ინდივიდუალურად, თითოეული მძღოლისთვის.

ამას ემატებოდა სიმაღლის რეგულირებადი საკიდარი, რომლის დახმარებითაც პარკირებისასა მანქანა შედარებით მაღლა იწევდა - რაც მძღოლს ჩაჯდომას უმარტივებდა, ხოლო კარების დახურვის შემდეგ, „სპორტულ პოზიციაში“ იშლებოდა. წინა პანელი კი, მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდიდა.

Questor-ი „დახუნძლული“ იყო გაჯეტებით, რაც ახლა არავის უკვირს, თუმცა იმ დროისთვის ნამდვილად რევოლუციური გახლდათ. გარე სარკეები უკანა ხედვის კამერით შეიცვალა, რომელიც ინსტრუმენტთა პანელის მონიტორს უერთდებოდა. ცენტრალურ კონსოლზე კი, სენსორული ეკრანის მართვის ცენტრი იყო განთავსებული -  სატელეფონო ზარებისა და ნავიგაციისთვის.

Questor-ი წარმოებაში, რა თქმა უნდა, არ ჩაშვებულა, თუმცა წლების შემდეგაც მის შესახებ ბევრი, მათ შორის პრესაც ლაპარაკობდა. მოდელი ავტოშოუდან ავტოშოუზე გადადიოდა და დამთვალიერებელთა ინტერესიც არასდროს მოჰკლებია. ახლა თითქმის ყველა ის გიჟური იდეა, რომელიც მაშინ წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, განხორციელებულია. თუმცა Questor-ი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორი იყო 1980-იანი წლების კონცეპტუალური ავტომობილების ფანტაზიებით სავსე ეპოქა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები