Daihatsu-მ უნიკალური Kei მანქანა დააანონსა — ნახეთ, როგორი იქნება K-Open
Daihatsu-მ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ მომავალი წლიდან Copen-ის წარმოებას შეწყვეტს, რამაც ამ პატარა, თუმცა საკმაოდ ელეგანტური ავტომობილის მოყვარულები ძალიან დაამწუხრა. თუმცა, სულ რაღაც ორ კვირაში, იაპონიის ავტოშოუზე კომპანიამ წარმოადგინა მოდელი, რომელიც Copen-ის მემკვიდრე გახდება.
ჩათვალეთ, ახალი K-Open (როგორი ორიგინალურობაა Copen-ის შვილობილისთვის...) დიზაინით შემცირებული ზომის მიატაა. დაიჰაცუმ დაადასტურა, რომ მოდელს შიგაწვის ძრავა ექნება და არც მეტი, არც ნაკლები, უკანა ამძრავი იქნება, რაც ტრადიციულ წინაამძრავობაზე „ცოცხალ" მართვადობას შეიძლება ნიშნავდეს. 
ვიზუალურად, კონცეპტი ნამდვილად განიცდის Copen-ის გავლენას, რეტრო ელემენტებით. წინა მხარეს ვხვდებით ოვალურ ფარებს და უფრო აგრესიულ ბამპერს. კაპოტსა და ფრთებზე გამოყვანილი სავენტილაციო ხვრელები მოდელს სპორტულ იერსახეს აძლევს, ისევე როგორც უკანა მხარეს არსებული მომრგვალებული ფორმები და ზუსტად ცენტრში არსებული გამოსაბოლქვი მილი.
ინტერიერი მინიმალისტურია — ხელსაწყოთა პანელი და ცენტრალური კონსოლი კუთხოვან ფორმებშია გადაწყვეტილი და, რასაკვირველია, სრულად სენსორულია. ინტერიერში არსებული ზედაპირების უდიდესი ნაწილი კი ალკანტარათია დაფარული.
წარმოდგენილი რენდერით რთული გასაგებია, როგორი იქნება გადაცემათა კოლოფი — ავტომატური თუ მექანიკური, რადგან თავად გადაცემათა გადართვის ბერკეტი მექანიკურს ჰგავს, თუმცა რენდერზე მხოლოდ ორ პედალს ვხედავთ.
მორიგი სახალისო Kei ავტომობილი
Daihatsu-ს განცხადებით, ახალი მოდელი Copen-ის მისიის ერთგული დარჩება და გააგრძელებს მომხმარებლებისთვის იმ გრძნობების მინიჭებას, რომელთა აღძვრაც მხოლოდ kei მანქანებს შეუძლიათ. თუ არ იცით, რას ნიშნავს Kei — ეს იაპონური Keijidosha-ს შემოკლებული ვერსიაა და ქართულად ითარგმნება, როგორც „მსუბუქი მანქანა".
იაპონურ კომპანიას ავტომობილის ძრავის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ამომავალი მზის ქვეყნის კანონმდებლობა ზედა ზღვარს აწესებს, რომლის მიღმაც Kei ავტომობილის მოყვარულებს მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ — ეს 660cc-ია. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, დაიჰაცუ საქმეში ტურბოკომპრესორს ჩართავს, რაც პერფორმანსს გაზრდის (ნუ იფიქრებთ, რომ საბავშვო ავტომობილს იხილავთ: სიმსუბუქე, ტურბო და უკანაამძრავობა საკმაოდ მძლავრი კომბინაციაა).
„შეიძლება გადმოსაცემად რთულია, თუ რამდენად შესანიშნავია ეს, თუმცა ამდენად კომპაქტური ზომის ავტომობილში, რომელსაც წინ განლაგებული ძრავა აქვს, უკანა ამძრავობის მიღწევა წარმოუდგენელი მიღწევაა. საჭიროა ძრავის დაბლა მოთავსება, რასაც უნდა დაემატოს როგორც ტრანსმისიის, ისე წამყვანი ლილვის უდიდესი სიფრთხილით ჩასმა და პედლების სწორი განლაგების შემუშავება, რათა ამდენად მცირე ზომის ძარაში ყველაფერი იდეალურად ეტეოდეს" — განაცხადა Toyota-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კოჯი სატომ.
სავარაუდოდ, ახალი K-open-ის გამოსვლას 2026 წლის შემდეგ (როცა Copen-ის წარმოება შეწყდება) მალევე უნდა ველოდოთ.