აშშ, Honda Odyssey, Honda CR-V, ჰონდა, სარჩელი, Honda Pilot
Aa
Aa

Honda-ს პრობლემები აქვს — Odyssey-ს, Pilot-სა და CR-V-ს მომხმარებლები უჩივიან

ხარვეზიანი ავტომობილების უკან გაწვევის საქმეში Ford-ს შესაძლოა კონკურენტი არ ჰყავდა, თუმცა შეიძლება გამოუჩნდეს — აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ Honda-ს წინააღმდეგ 3 ერთმანეთისგან განსხვავებული გამოძიება დაიწყო. 

ერთ-ერთი მათგანი ეხება აირბაგების მოულოდნელ გახსნას 2018-2022 წლის Odyssey მოდელებში. ადმინისტრაციამ მიიღო 18 საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ აირბაგები მართვის მომენტში მოულოდნელად აქტიურდება — შესაძლოა ეს მოხდეს ორმოში ბორბლის ჩავარდნის ან სხვა მსგავსი კონტაქტებისას, როდესაც უსაფრთხოების ამ ზომის საჭიროება საერთოდ არ დგას.

რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან აირბაგების გააქტიურებას თავისუფლად შეუძლია, დააზიანოს მგზავრები და საავარიო სიტუაციაც შექმნას. ეს თეორიული მსჯელობა არ არის — ერთ-ერთი სარჩელის მიხედვით, მსგავს ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 

უწყება აღნიშნულ საქმეებს იძიებს, რათა გაარკვიოს, რამდენად მასშტაბური და სისტემურია ხარვეზი ამ კონკრეტულ მოდელებში.

მეორე გამოძიება ეხება 2023-2024 წლების Honda Pilot-ის უკანა სავარძლების უსაფრთხოების ღვედის გაფრთხილების სისტემას (გრძელი წინადადებაა, არა?). საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით 6 საჩივარი მიიღო. 

მომჩივანთა განცხადებით, უსაფრთხოების სისტემა არასწორ სიგნალებს იძლევა ორივე შემთხვევაში — როცა შეკრულია, განგაშს ტეხს, ხოლო როცა გახსნილია — პირიქით. ეს პოტენციურად ძალიან სახიფათო ხარვეზია, განსაკუთრებით კი მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის, რადგან, შესაძლოა, მანქანამ არ გაგვაფრთხილოს, როცა ბავშვის ღვედი შეკრული არ არის.

ბოლო გამოძიება კი ყველაზე საგანგაშოა (საჩივრების რაოდენობითაც: 48 ერთეული) — 2020-2022 წლის CR-V Hybrid-ები მაგისტრალზე მოძრაობისას სიმძლავრეს გაუფრთხილებლად კარგავენ — უეცრად ინთება check სიგნალი და მანქანის სიჩქარე ეცემა. მძღოლმა ავტომობილი უნდა გადააყენოს და თავიდან დაქოქოს, რაც ხარვეზს აგვარებს, თუმცა არა საბოლოოდ — პრობლემასთან ერთად იშლება შეცდომის კოდებიც, ეს კი პრობლემის წყაროს მიგნებას ძალიან ართულებს. 

თუ ეს უკანასკნელი ხარვეზი დადასტურდება, ჰონდას 124795 ავტომობილის გამოხმობა მოუწევს — ჯამურად, სამივე გამოძიების სუბიექტი 708369 მანქანა იქნება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები