ევროპის წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვები ეცემა | მიზეზი
საიდუმლო არავისთვის არაა, რომ ევროპის პრემიუმ კლასის ავტომწარმოებლებს რთული პერიოდი უდგათ. მდიდრული საშუალო ზომის სედანები კი, რომელთაც ამერიკაში პრემიუმ კომპაქტებს უწოდებენ, განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ არიან. შედეგად, BMW-ს, Audi-ს და Mercedes-ის მსგავსი ბრენდებისთვის საგანგაშო მონაცემებიც მივიღეთ.
2025 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში, პრემიუმ საშუალო ზომის სედანების კატეგორიაში გაყიდვები 19%-ით, 241 096 ერთეულამდე შემცირდა. სეგმენტში კვლავ BMW-ის მესამე სერია ლიდერობს, თუმცა გაყიდვების ვარდნას ვერც ეს უკანასკნელი გადაურჩა. მესამე სერიის რეგისტრაციები 23%-ით, 60 237 ერთეულამდე შემცირდა.

ახლად გამოშვებული Audi A5, რომელიც A4-ის შემცვლელია, გაყიდვების ვარდნის მიუხედავად, მეორე ადგილს ინარჩუნებს - საერთო ჯამში, წელს გაყიდული 53 483 ერთეულით.
Dataforce-ის მონაცემები, რომლებიც Autonews Europe-მა გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ Mercedes-Benz-მა წელს 14%-ით ნაკლები C-Class-ი გაყიდა. შედეგად, მათი გაყიდვები 41 335 ერთეულამდე შემცირდა. ხოლო სრულად ელექტრო BMW i4-ის გაყიდვებმა 1.6%-ით, 36,982 ერთეულამდე იკლო.

მსგავსად მძიმე სურათია სიის ბოლოში. Volvo S60-ისა და V60-ის გაყიდვები კოლექტიურად16 476 ერთეულით შემცირდა, რაც 35%-იანი კლებაა. Polestar 2-ის გაყიდვები 26%-ით, 14 099 ერთეულამდე, ხოლო BMW 4-Series-ის გაყიდვები 12%-ით, 10 081 ერთეულამდე დაეცა. რაც შეეხება Alfa Romeo Gulia-ს, გაყიდვების კლებამ 20% შეადგინა.
საშუალო ზომის პრემიუმ სედანებისთვის გერმანია კვლავ უმსხვილეს ბაზრად რჩება. გერმანიას საერთო ბაზრის დომინანტური 37% უჭირავს. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, აქ გაყიდვები 26%-ით, ხოლო საბაზრო წილი 16%-მდეა შემცირებული. იტალიის შემთხვევაში ბაზრის წილი 6%-ია, შვედეთის, 4.7% და პოლონეთი/საფრანგეთის 4.2%.