Tesla, ავტონომიური მანქანა, Tesla Model Y, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა
Aa
Aa

ქუჩაში ავტონომიური Tesla-ს გამოჩენამ კომპანიის აქციების ფასი გაზარდა

„მიმდინარეობს გამოცდა და ავტომობილში მგზავრები არ არიან“ — ერთი შეხედვით, ეს მოკლე წინადადებაა, თუმცა Tesla-სთვის და ავტონომიური მანქანების მომავლისთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს. დიახ, X-ზე ეს არც მეტი, არც ნაკლები, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დაწერა. 

სოციალურ ქსელში Model Y-ის ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც მანქანა ოსტინის ქუჩებში გადაადგილდება — Tesla-ს სალონში მძღოლსა და მგზავრებს ვერ ვხედავთ. ხსენებულმა დადასტურებამ კი ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი უოლ სტრიტის საფონდო ბირჟაზე საგრძნობლად აწია — ერთი აქციის ფასი 4.9%-ით გაიზარდა და 481.37$ შეადგინა (მას შემდეგ ოდნავ დავარდა) — ეს თითქმის 1 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასია. 


ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად არის კომპანიის ღირებულება დამოკიდებული მისი თვითმართვადი ტექნოლოგიების ირგვლივ არსებულ მოლოდინებთან. Tesla-მ ტეხასის დედაქალაქში რობოტაქსების სერვისი შეზღუდული რაოდენობით ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, სატესტო Model Y-ების წინა სავარძელზე მაინც იჯდა ადამიანი, რომელიც უსაფრთხოების ზომების გაკონტროლებაზე იყო პასუხისმგებელი. სრულად ცარიელი Tesla-ს გზაზე გამოჩენა კი მნიშვნელოვან პროგრესზე მიანიშნებს. 

Reuters-ის შეფასებით, ტესლას 1.53 ტრილიონ დოლარიანი საბაზრო ღირებულება დამყარებულია მოლოდინებზე, რომ ავტონომიური ტექნოლოგიებიდან მიღებული შემოსავლები, საბოლოოდ, დაჩრდილავს ავტომობილების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს. საფონდო ბირჟის ცვლილებები ამ მოსაზრებას მხოლოდ ამყარებს.

„ფაქტი, რომ ტესლა რობოტაქსებს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გარეშე ცდის, შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს, რომ კომპანიას პროგრესი აქვს. ბაზარი ამ პროგრესს დადებითად შეხვდა და აქციების ფასიც გაიზარდა“ — განაცხადა Morningstar-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, სეთ გოლდსტაინმა.

მიუხედავად ამ წარმატებისა, ტესლას ჯერ კიდევ ძალიან დიდი შრომის გაწევა მოუწევს, სანამ პროექტს ბოლომდე მიიყვანს — საქმეს, სავარაუდოდ, რეგულაციებიც გაართულებს... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები