ნახეთ, როგორი იქნება ახალი სრულად ელექტრო BMW M3
მალე სრულად ელექტრო BMW M3 ავტომწარმოებლის ფანების მიერ შექმნილი რენდერი, კონცეპტი და მუდმივი განსჯის საგანი აღარ იქნება — გერმანული კომპანია მასზე მართლა მუშაობს და, მეტიც, Carscoops შენიღბული M3-ის ფოტოებსაც კი აქვეყნებს.
შესაძლოა, ლეგენდარული მოდელის სრულად ელექტრო ვერსიის იდეა ტრადიციონალისტ ავტომოყვარულებს აფრთხობს, თუმცა სინამდვილეში პანიკის საფუძველი ნაკლებად არსებობს — ელექტრომობილის პარალელურად, BMW შიგაწვისძრავიანი მოდელის გამოშვებასაც გააგრძელებს, რომელშიც კვლავ ორტურბინიან, ექვსცილინდრიან ერთრიგა ძრავას შევხვდებით.
ელექტრო ვერსიას, სავარაუდოდ iM3 ერქმევა და მას ახალ i3 პლატფორმაზე ააგებენ. შეიცვლება დიზაინიც და ის BMW-ს Neue Klasse ფილოსოფიას მოერგება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ წინააღმდეგობრივი ცხაურა უფრო ელეგანტური ვარიანტით ჩანაცვლდება.
ერთი შეხედვით, პროტოტიპი მასიური ჩანს — წინა და უკანა ბორბლის თაღები ფართოა, რაც მანქანას ძალიან აგრესიულ იერს ანიჭებს, ეს კი M-სამარკო ნიშნის მატარებელი ავტომობილისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით, დიზაინზე BMW, ტრადიციულად, შესანიშნავად მუშაობს.
როგორი იქნება პერფორმანსი?
გარდა დიზაინისა, ცხადია, ყველას აინტერესებს ელექტრო M3-ის პერფორმანსიც. აქამდეც ცნობილი იყო, რომ BMW მუშაობს ოთხი ელექტროძრავისგან შემდგარ სისტემაზე, რომელიც გიგანტურ, 1341-ცხენისძალიან სიმძლავრეს შემოგვთავაზებს.
მიუხედავად ამისა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სერიული მოდელი ამ რიცხვებს მიაღწევს. უდიდესი ალბათობით, ასეთი მანქანების სიმძლავრე, საშუალოდ 700 ცხ.ძ-მდე შემცირდება — ეს ოდნავ ნაკლები იქნება, ვიდრე მომავალი სრულად ელექტრო M5-ის პერფორმანსი და, შესაბამისად, იერარქიაც უცვლელი დარჩება. 

ასეთი შეზღუდვითაც კი, მსგავსი სიმძლავრით iM3 ახალი თაობის შიგაწვისძრავიან ძმობილს უპრობლემოდ გაასწრებს — ბენზინზე მომუშავე M3-ის სიმძლავრე 550 ცხ.ძ-მდე იქნება. მნიშვნელოვანი მახასიათებელია ავტომობილის წონაც. არსებული ცნობებით, სრულად ელექტრო M3 შიგაწვისძრავიან ვერსიაზე, დაახლოებით, 465 კგ-ით მძიმე იქნება. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა, შესაბამისად ავტომობილის მართვადობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ დააბალანსებს დამატებით მასას გერმანული ავტომწარმოებელი.