EU ჩინურ ელექტრომობილებზე დაწესებული ტარიფების მინიმალური ფასით ჩანაცვლებას განიხილავს
პოლიტიკური და სავაჭრო დაძაბულობის რამდენიმე თვის შემდეგ, ევროკავშირი ელექტრომობილებთან დაკავშირებული პოლიტიკის ცვლილებას განიხილავს. ადგილობრივი მწარმოებლების ჩინურ მწარმოებლებთან არათანაბარი კონკურენციისგან დასაცავად მაღალი ტარიფების შემოღებიდან 18 თვის თავზე, EU ახალ მიდგომაზე ფიქრობს, რაც ნიშნავს, რომ ტარიფებმა არ იმუშავა.
როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ელექტრომობილებზე დაწესებულმა გადასახადებმა მოთხოვნა უბრალოდ სხვა სეგმენტზე გადაწია — შესაბამისად, ევროპული ბაზარი ჩინურმა დამუხტვადმა და სტანდარტულმ ჰიბრიდებმა მაინც წალეკეს... 
ასევე იხილეთ: ევროკავშირის რეგულაციებმა ჩინური ავტომობილების გაყიდვები, შემცირების ნაცვლად, გაზარდა | მიზეზი
რა თქმა უნდა, ტარიფების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ჩინურ ავტომწარმოებლებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ. ახალი მიდგომის თანახმად, 45%-იანი ტარიფის ნაცვლად, ჩინურ ავტომწარმოებლებს ავტომობილზე მინიმალური ფასი დაუწესდებათ. მათ მოუწევთ, იმპორტამდე შესაბამის უწყებას ფასი შესთავაზონ. South China Morning Post-ის ცნობით, ევროპული კომისიის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ეს ფასი უნდა იყოს ადეკვატური, რათა გამოირიცხოს სუბსიდირების დამაზიანებელი ეფექტები.
მინიმალური ფასის დაწესება საშუალებას მისცემს ევროპულ ავტომწარმოებლებს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ავტომობილები აწარმოონ და გაყიდონ ისე, რომ BYD-თან და Chery-სთან დაპირისპირება შეძლონ. გარდა იმისა, რომ ტარიფების მოხსნამ ჩინეთი-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების დინამიკაზე დადებითად უნდა იმოქმედოს, წესით, ეს იმ დასავლური კომპანიების მდგომარეობასაც გააუმჯობესებს, რომლებიც ელექტრომობილებს ჩინეთში აწყობდნენ (მაგალითად BMW iX3) და ევროპაში შემდეგ შემოჰქონდათ (დიახ, ტარიფები მათაც ეხებოდა)... 
რამდენად მიიღებენ და მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენად იმუშავებს ახალი პოლიტიკა, რთული სათქმელია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ტარიფებმა ვერ იმუშავა — ჩინური ავტომობილების წილი ევროპულ გაყიდვებში 2024-2025 წლებში თითქმის გასამმაგდა და, მაგალითად, 2025 წელს გაერთიანებულ სამეფოში გაყიდული ყოველი მე-10 ავტომობილი ჩინური იყო...