Mercedes-ისთვის 2025 წელი მძიმე იყო, თუმცა AMG-სთვის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო
BMW-ს გაყიდვებმა 2025-ში შესანიშნავი ტენდენცია აჩვენა, რასაც მის მთავარ კონკურენტზე ვერ ვიტყვით. Mercedes-ის გაყიდვები შემცირდა, თუმცა ყველა სეგმენტზე ამას ვერ ვიტყვით. მაგალითად, AMG მოდელების გაყიდვები საკმაოდ გაიზარდა.
გერმანულმა ავტომწარმოებელმა 2025 წელს 1 800 800 მსუბუქი ავტომობილი გაყიდა. თუ ასატვირთოებსაც დავამატებთ, ეს რიცხვი 2 160 000-მდე ავა — საპირისპიროდ, BMW Group-მა 2 463 715 მანქანის გაყიდვა შეძლო. 2024 წელთან შედარებით, Mercedes-ის გაყიდვები 9%-ით დაეცა.
ვარდნის დიდი ნაწილი აზიური ბაზრის „დამსახურებაა“, სადაც მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. რეგიონში გაყიდვები 16%-ით შემცირდა და მხოლოდ 747 000 ერთეული შეადგინა. ჩინურ ბაზარზე, რომელიც გერმანული ავტომწარმოებლისთვის გაყიდვების ერთ-ერთი მთავარი სივრცეა, 2025 წელს 19%-ით ნაკლები მერსედესი გაიყიდა...
სიტუაცია ბევრად უკეთესად არც ჩრდილოეთ ამერიკაში გამოიყურებოდა. რეგიონული გაყიდვები 12%-ით დაეცა და 320 600 ერთეული შეადგინა.
ევროპაში სიტუაცია შედარებით უკეთესია — ვარდნა მხოლოდ 1%-ია... მიუხედავად ამისა, ყველაფერი ცუდად მაინც არ მიდის — შედარებით მცირე ბაზრებზე კომპანიამ 17%-იანი ზრდა დააფიქსირა, რომელთა შორისაც საუკეთესო სამხრეთ ამერიკაა (54%-იანი ზრდა).
AMG იზრდება
ზოგადი შემცირების მიუხედავად, AMG-ის საქმე 2025 წელს კარგად წავიდა. BMW-ის M განყოფილების მსგავსად, Mercedes-ის პერფორმანსზე ორიენტირებულმა მდიდრულმა ფრთამ მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა. 
კერძოდ, მსოფლიოს მასშტაბით Mercedes-AMG-ზე არჩევანი 7%-ით მეტმა, 145 000-მა მძღოლმა შეაჩერა — ეს AMG-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. სამწუხაროდ, კომპანიას კონკრეტულ მოდელებად ჩაშლილი სტატისტიკა არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არ ვიცით, წარმატებაზე რომელმა მოდელებმა იმოქმედეს.
ელექტრომობილების პრობლემები
როგორც მოსალოდნელი იყო, გლობალური ტენდენციები აისახა Mercedes-ის ელექტრომობილების გაყიდვებზეც. კერძოდ, სრულად ელექტრო ავტომობილების გაყიდვები 9%-ით, 168 000 ერთეულამდე დაეცა — ეს BMW-ს EV-ების გაყიდვების მზარდ რაოდენობას, დაახლოებით, 2-ჯერ ჩამორჩება (442 072 ერთეული).
მიუხედავად ამისა, გარდატეხის პოტენციალი მერსედესის EV პროექტს ნამდვილად აქვს. ახალი სრულად ელექტრო CLA-ის გამოსვლამ 2025 წლის მე-4 კვარტალში გაყიდვები 18%-ით გაზარდა — სავარაუდოდ, ეს ინერცია Mercedes-ს 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაჰყვება. 
Mercedes-ის მოდელებს შორის გამორჩეულად კარგი წელი G-Class ჰქონდა — მერსედესმა 49700 გელენდვაგენი გაყიდამ რაც რეკორდული რიცხვია და 2024 წელთან შედარებით, 23%-იანი მატებას უდრის.