იშვიათი ავტომობილები, უცნაური, ვოლვო, ვოლვო 240 ვაგონი
Aa
Aa

Volvo 245 Transfer-ი | 5.6-მეტრიანი უნივერსალი მრავალმხრივი დანიშნულებით

1970-იანი წლების ბოლოს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ დიდი ზომის სამრიგიანი SUV-ები პოპულარობას მოიხვეჭდნენ, უნივერსალებს ხშირად პრაქტიკული დანიშნულებით იყენებდნენ. ამ ტენდენციის ერთ-ერთი უჩვეულო მაგალითი Volvo 245 Transfer-ი გახლავთ — ქარხნულად დაგრძელებული უნივერსალი, რომელიც ტაქსის, სასწრაფო დახმარებისა და სასკოლო ტრანსპორტის ფუნქციებსაც კი ითავსებდა.

ასევე იხილეთ: რატომ დაამზადა Volvo-მ უნივერსალი, რომლის სიგრძეც 5.6 მეტრს აღწევდა?

მოდელი 1977-დან 1982 წლამდე იწარმოებოდა. სტანდარტული ტიპის Volvo 240 უნივერსალის სიგრძე დაახლოებით 4.83 მეტრი იყო — დაახლოებით Honda CR-V-სა და Accord-ს შორის, ხოლო 245 Transfer-ის სიგრძე 5.59 მეტრს აღწევდა. გამოდის, რომ ეს მოდელი თანამედროვე Chevrolet Suburban-ზე სულ რაღაც 15 სანტიმეტრით მოკლე იყო.

განსხვავებული ზომების მიუხედავადაც, ავტომობილი საკმაოდ პრაქტიკული გახლდათ. სტანდარტულ ვერსიაში თუ შვიდი მგზავრის მოთავსება ხერხდებოდა, სასკოლო ტრანსპორტის კონფიგურაცია 11 ბავშვს იტევდა. სამგზავრო მოდიფიკაციებს აეროპორტის შატლებად და ტურისტულ ავტობუსებადაც იყენებდნენ.

მათთვის, ვისაც საბარგულში მეტი სივრცე სჭირდებოდა, Volvo დამატებითი სავარძლების გარეშე გამოშვებულ ვერსიასაც სთავაზობდა. ასეთ შემთხვევაში კი ავტომობილის უკანა საბარგულის სივრცის სიღრმე დაახლოებით 1.83 მეტრს აღწევდა. მსგავსი ტიპის მოდელები უმეტესად საქორწილო ან სამგლოვიარო ცერემონიებისთვისაც გამოიყენებოდა. მათ შორის ხშირად შეხვდებოდით ამ მოდელის დამკრძალავ მანქანებს.

თუმცა Volvo 245 Transfer-ის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი მისი სიმძლავრე იყო. რეალურად, ეს მოდელი სწორედ იმ დროს იწარმოებოდა, როდესაც Volvo 240-ის ხაზში დიზელის ძრავებიც გამოჩნდა. თუმცა იმდროინდელი ავტომობილების უმეტესობა კვლავ 2.1-ლიტრიან 4-ცილინდრიან ბენზინის ძრავებს იყენებდა, რომელთა სიმძლავრე 100 ცხენის ძალას ძლივს თუ აღწევდა. თუმცა ზუსტად რომელი ძრავით გამოდიოდა Volvo-ს დაგრძელებული ვერსიები ქარხნიდან, ამის თანმიმდევრული მონაცემები არ გვაქვს.

გრძელი ძარის გამო, ავტომობილის ქალაქში მართვა და მანევრირება მარტივი არ იყო. ამას საწვავის ხარჯიც ემატებოდა, რაც სტანდარტული ვერსიებისგან განსხვავებით პრობლემური იყო. საბოლოოდ, Volvo 245 Transfer-ი, როგორც ცნობილია, სულ მხოლოდ 280 ეგზემპლარად დამზადდა და დღეს ამ ავტომწარმოებლის ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ მოდელად მიიჩნევა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები