BMW თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხებს სთავაზობს
BMW მომავალი წლის ბოლომდე 8 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ამ მიზნის მისაღწევად გერმანული ავტომწარმოებელი თანამშრომლებს ასტრონომიულ კომპენსაციებს — 650 000 ევრომდე სთავაზობს. გასაკვირი არ არის, რომ პროგრამამ უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია: შეთავაზების გაგზავნისთანავე BMW-ს შიდა ონლაინ პორტალი გადაიტვირთა და ფუნქციონირებაც კი შეწყვიტა.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
გასულ კვირას BMW-მ ათასობით თანამშრომელს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა ბმული, რომელზეც მათთვის განკუთვნილი კომპენსაციის ოდენობა იყო მითითებული. გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის ცნობით, რამდენიმე თანამშრომელს კომპანიის დასატოვებლად ექვსნიშნა ანაზღაურება შესთავაზეს.
კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია თანამშრომლის ასაკზე, კომპანიაში მუშაობის სტაჟსა და მიმდინარე ხელფასზე. მათ, ვინც შეთავაზებას მიიღებს, თანხის მიღება სხვადასხვა ფორმით შეუძლია: ერთჯერადი ოდენობით, ეტაპობრივად, საპენსიო ფონდში შენატანის სახით, სადაზღვევო პოლისში გადარიცხვით ან ამ მეთოდების კომბინაციით.

წადი ადრე და მიიღე „ტურბობონუსი“
ბავარიული ავტომწარმოებელი მათ, ვინც სამსახურის ნებაყოფლობით დატოვებაზე თანახმა არიან, ორ განსხვავებულ თარიღს სთავაზობს. თანამშრომლები, რომლებიც კომპანიას 2027 წლის 31 მარტამდე დატოვებენ, დამატებით, არასაჯარო „ტურბობონუსის“ მიღების უფლებით ისარგებლებენ. ალტერნატივის სახით, მათ შეუძლიათ წავიდნენ 2027 წლის 31 ოქტომბრამდე, თუმცა ამ შემთხვევაში დამატებით ბონუსს ვეღარ მიიღებენ.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თანამშრომლები, რომლებიც მომავალი წლის 31 ოქტომბრამდე 55 წლის გახდებიან, შესაძლოა ჩაერთონ „BMW-ს პენსიონერთა პროგრამაში“. ეს სტატუსი მათ გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს, მაგალითად — სპეციალურ ფასებს ახალ და მეორად BMW-ს ავტომობილებზე. მაღალი რანგის მენეჯერებს კი შესაძლებლობა ექნებათ, გამოისყიდონ ის სამსახურებრივი ავტომობილი, რომელსაც ამჟამად იყენებენ.

ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ონლაინ პორტალმა გაჭედა. ახლა BMW პრიორიტეტების მიხედვით გაანაწილებს მსურველთა განაცხადებს, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტს, ვინ მიიღებს წასვლის უფლებას და ზუსტად რა ოდენობის ანაზღაურებით.
ხარჯების შემცირების ამბიციური გეგმა
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი ექვსნიშნა კომპენსაციები შესაძლოა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, BMW ცდილობს ხარჯები მკვეთრად შეკვეცოს, ხელფასები კი ბიზნესის ერთ-ერთი უდიდესი ხარჯია. BMW-ს გენერალური დირექტორი მილან ნედელიკოვიჩი მიზნად ისახავს, რომ 2028 წლიდან კომპანიამ წლიურად 1 მილიარდი ევრო დაზოგოს, რათა საოპერაციო მარჟა ამჟამინდელი 3%-დან 5%-მდე გაზარდოს. გრძელვადიანი მიზნის თანახმად კი, 2030-იანი წლების დასაწყისისთვის მარჟამ 8%-დან 10%-მდე უნდა მოიმატოს.

ნედელიკოვიჩი BMW-ს CEO-ს პოზიციაზე 2025 წლის დეკემბერში დაინიშნა და სადავეები ყოფილი ხელმძღვანელისგან, ოლივერ ციპსესგან, 2026 წლის მაისში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ბრენდი ახალი მოდელების მასშტაბურ გამოშვებას გეგმავს — 2027 წლის ბოლომდე ბაზარზე 40 ახალი ან განახლებული ავტომობილი უნდა გამოვიდეს (მათ შორის უკვე წარმოდგენილი ახალი i3 და 3-Series).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს