Mercedes-მა უსაფრთხოების უმაღლესი დონის საჩვენებლად ორი CLA დალეწა
ათწლეულების განმავლობაში ავტომობილების უსაფრთხოებამ უზარმაზარი გზა გაიარა — Mercedes-ი მუდმივად ამ ბრძოლის ავანგარდში იდგა. იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად უსაფრთხოა ახალი თაობის CLA, გერმანულმა ავტომწარმოებელმა უჩვეულო ქრაშ-ტესტი ჩაატარა — ბენზინზე მომუშავე CLA Shooting Brake-ი ზუსტად იმ კუთხით შეასკდა სრულად ელექტროძრავაზე მომუშავე CLA სედანის გვერდს, როგორც ეს ხშირად გზაჯვარედინებზე ხდება ხოლმე.
ავტომწარმოებლები გვერდითი დარტყმის ტესტებს უკვე წლებია ატარებენ, თუმცა ამ მიზნით ძირითადად სპეციალურ მძიმე ურიკებს იყენებენ, რომლებიც მეორე ავტომობილს განასახიერებს. Mercedes-Benz-ის უახლესი ექსპერიმენტი კი ერთი ნაბიჯით წინ წავიდა — ტესტში რეალურად ორი მოძრავი სერიული ავტომობილი მონაწილეობდა, რამაც ინჟინრებს საშუალება მისცა, თვალი ედევნებინათ, თუ როგორ იქცევა ორი განსხვავებული მოდიფიკაცია რეალურ პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ტესტის ვიდეოს გახმოვანება ოდნავ გადამეტებულად ეპიკურია, კომპანიის განცხადებით, სალონში მჯდომი ყველა მანეკენი სრულიად უვნებელი დარჩა.
ტესტის მსვლელობისას ორივე ავტომობილი 56 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. როდესაც CLA Shooting Brake-ის ცხვირი სედანს შეეჯახა, ძარას დეფორმაციის ზონამ დარტყმის ენერგიის უდიდესი ნაწილი შთანთქა, ხოლო სალონში წინა და გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები მყისიერად გაიხსნა. რაც შეეხება „დაზარალებულ“ ელექტრო სედანს, დარტყმის ძირითადი სიმძიმე თავის თავზე კარებმა მიიღო — მინები დაიმსხვრა, ხოლო ბალიშებმა მგზავრები საიმედოდ დაიცვეს.
ასევე იხილეთ: 7 ინოვაცია, რომელიც Mercedes-მა ავტოსამყაროს აჩუქა
საინტერესოა, რომ ახალ CLA-ს კარის დამალული სახელურები აქვს — ზუსტად ისეთი ტიპის, რომლებიც ჩინეთში უკვე აკრძალულია და შესაძლოა ევროპაშიც აიკრძალოს. ამ შემთხვევაში, სახელურები შეჯახებიდან რამდენიმე წამში ავტომატურად გამოვიდა და კარები გაიღო.
მერსედესის განცხადებით, შეჯახებისთანავე ელექტროძრავის მაღალი ძაბვის ბატარეა ავტომატურად გაითიშა და გადაცემათა კოლოფს გამოერთო, რათა ხანძარი თავიდან აერიდებინა. ანალოგიურად, ბენზინზე მომუშავე Shooting Brake-ის საწვავის სისტემამ ავტომატურად შეწყვიტა მუშაობა, ეს რისკი მინიმუმამდე დაიყვანა. ტესტში გამოყენებული რვა მანეკენის მონაცემების მიხედვით, ბიომექანიკური ზღვარი არცერთ შემთხვევაში არ გადაცილებულა, რაც ნიშნავს, რომ სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში ტრავმების მიღების რისკი მინიმალურია.

ეს ყველაფერი კარგია, თუმცა, მომავალში უკეთესი იქნებოდა მერსედესს თავისი ახალი AMG GT SUV-იც შეეჯახებინა რომელიმე CLA-სთვის — ეს მონსტრი თითქმის 2715 კილოგრამს იწონის და პატარა CLA ასეთ მძიმე წონასთან შეჯახებისას შესაძლოა ასე იოლად ვერ გადარჩენილიყო!
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს