Toyota-ს Corolla-ს წარმოება ჩინეთში გადააქვს? | მოდელი სრულად ახალ პლატფორმას გამოიყენებს
Toyota მომდევნო თაობის Corolla-ს წარმოებას 2028 წლიდან ჩინეთში დაიწყებს. მოდელი სრულად ახალ პლატფორმას გამოიყენებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის ძალურ აგრეგატთან იქნება თავსებადი და ავტომწარმოებელს ბაზრის მოთხოვნის ცვლილებებზე სწრაფად რეაგირების საშუალებას მისცემს.
ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა
მოდელი იაპონური Toyota-სა და ჩინური FAW Group-ის ერთობლივ საწარმოში, FAW Toyota Motor-ში შემუშავდება. ახალი Corolla ამ ხაზის პირველი მოდელი იქნება, რომელიც კომპანიის ე.წ. „მრავალმიმართულებიან“ პლატფორმაზე დაფუძნდება. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც სრულად ელექტრომოდელებისთვის, ასევე ჰიბრიდულ და შიგაწვის ძრავის მქონე ვერსიებში.

Toyota ამ პლატფორმას ზოგიერთ ავტომობილში უკვე იყენებს, მათ შორის Lexus-ის მოდელებშიც. ახალი თაობის Corolla-ს წარმოებაში მისი დანერგვა კომპანიას განვითარების პროცესების დაჩქარებასა და ხარჯების შემცირებაში დაეხმარება. ამასთან, Toyota-ს შეეძლება, წარმოება სხვადასხვა ტიპის ძრავაზე მოთხოვნის შესაბამისად შეცვალოს.
ცნობისთვის, მომდევნო თაობის Corolla-ს კონცეპტუალური ვერსია იაპონურმა ავტომწარმოებელმა გასული წლის შემოდგომაზე წარადგინა. მაშინ Toyota-ს პრეზიდენტმა კოჯი სატომ, რომელიც ახლა ვიცე-თავმჯდომარის პოსტს იკავებს, თქვა, რომ ავტომობილი სხვადასხვა ბაზრისა და ენერგორესურსების თავისებურებებს უნდა მოერგოს. შესაბამისად, სრულად ელექტროვერსიასთან ერთად, Toyota ჰიბრიდული ვერსიებისა და ბენზინის ძრავებით აღჭურვილი მოდიფიკაციების გამოშვებასაც გეგმავს.

ამის პარალელურად კი, ჩინეთში Toyota-ს გაყიდვები იკლებს. აგვისტოში კომპანიამ ჩინეთში 118 449 ავტომობილი გაყიდა და თანაც, ეს მაჩვენებელი Lexus-ის გაყიდვებსაც მოიცავს. შედეგად, გამოდის, რომ გაყიდვებმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით იკლო.
ჩინეთის საავტომობილო ბაზარზე მოთხოვნის შენელებასთან ერთად გამწვავდა კონკურენციაც. ადგილობრივი მწარმოებლები ელექტრომობილებისა და ახალი ენერგიის სხვა წყაროებზე მომუშავე ავტომობილების ბაზრის წილისთვის აქტიურად იბრძვიან, ფასების შემცირება კი კომპანიების მოგებიანობაზე უარყოფითად აისახება.

Toyota ჩინეთში ელექტრიფიკაციის მიმართულებით საქმიანობის გაფართოებასაც გეგმავს. მომავალი წლიდან კომპანია Lexus-ის ბრენდისთვის უფრო დიდი სვლის მარაგის მქონე ახალი თაობის ელექტრომობილებს წარმოებაში ჩაუშვებს. ამასთან, გეგმაშია გაზრდილი სვლის მარაგის მქონე ელექტრომობილების გამოშვებაც, რომლებიც მხოლოდ ელექტროძრავაზე მუშაობს, შიგაწვის ძრავა კი ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის გამოიყენება.
პარალელურად, Toyota ავტომობილების ელექტრიფიკაციისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარებასაც გეგმავს. ამ სტრატეგიის ნაწილია ჩინეთში მდებარე ერთობლივი საწარმოების რესტრუქტურიზაციაც.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს