ბექჰემების ვაჟის, ბრუკლინ ბექჰემის ავტომობილების კოლექცია
ბექჰემების ოჯახში არსებული განხეთქილება ბოლო დღეებია ტაბლოიდებისა და გამოცემების მთავარ განსახილველ თემად იქცა. დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა შვილმა, ბრუკლინ ბექჰემმა, თავის მეუღლესთან ერთად მშობლებთან კონტაქტი გაწყვიტა და საჯარო წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც ბექჰემები მუდმივ კონტროლსა და მის ცხოვრებაში ჩარევაში დაადანაშაულა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასავლური მედიები დაინტერესდნენ იმ თემითაც, დაუბრუნებს თუ არა ბრუკლინი მშობლებს იმ ძვირადღირებულ ნივთებს, რომელიც მათგან საჩუქრად აქვს მიღებული. მათ შორის კი 600 000 აშშ დოლარად შეფასებული Jaguar-იცაა, რომელიც მან მშობლებისგან საქორწილო საჩუქრად მიიღო.

საუბარი გვაქვს შეზღუდული გამოშვების 1954 წლის Jaguar XK140-ზე, რომელიც შვილის ქორწილამდე დეივიდ ბექჰემმა სილვერსტოუნში მდებარე სახელოსნოში გადააკეთა. სამუშაოებს 120 საათი დასჭირდა, რის შედეგადაც კლასიკური Jaguar-ი სპეციალური შეკვეთით დამზადებულ „ელექტრომობილად“ იქცა.

Peugeot 208-ზე ავტომობილის მართვის სწავლის შემდეგ, ბრუკლინმა მალევე Mercedes A-Class-ი და Mercedes-Benz GL 63 AMG შეიძინა, ბოლო პერიოდში კი ყოველდღიური მართვისთვის უფრო მეტად Mercedes C-Class-ით გადაადგილდება. მიუხედავად ამ მოკრძალებული არჩევანისა, როგორც ცნობილია, უმცროსი ბექჰემის კოლექციაში M3, i8 Roadster-ი და, როგორც ამბობენ, McLaren P1-იც ინახება.

თუმცა ეს უკანასკნელიც კი ვერ შეედრება თავად დევიდ ბექჰემის ავტოკოლექციას, რომელიც არაერთ ძვირადღირებულ და კლასიკურ თუ თანამედროვე მოდელს იტევის. მათ შორისაა: Rolls-Royce Phantom Drophead Coupé, Bentley Mulsanne, Bentley Continental GT, Land Rover Defender-ი, Cadillac Escalade, Jaguar F-Type Project 7 და Hummer H2. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ინგლისის ნაკრებისა და Manchester United-ის ყოფილმა სუპერვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ Ferrari 360 Spider გაყიდა და Maserati MC20-საც ფლობს, რომელიც სწორედ ბექჰემის მონაწილეობით და სპეციალურად მისთვის შეიქმნა.