F1-ის რეგულაციების გავლენა | ვიხილავთ მეტად დაძაბულ რბოლებს?
ბევრს არ უყვარს ცვლილებები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რაღაც კარგად მუშაობს. თუმცა რთულია იგივე ითქვას ფორმულა 1-ის ჩემპიონატზე, რადგან ფაქტია, რომ F1-ის ენთუზიასტებს შორისაც აზრი გაყოფილია. ალბათ, McLaren-ის გულშემატკივრები გასული წლის სეზონით კმაყოფილნი დარჩნენ, მაგრამ მაყურებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამტკიცებდა, რომ ბოლო წლებში ჩემპიონატი „მოსაწყენი“ გახდა; იშვიათია, რომ რბოლის დაწყების შემდეგ პოზიციები შეიცვალოს — უფრო მეტად, გრან-პრის შედეგები წინა დღის კვალიფიკაციით განისაზღვრება.

Formula 1-ის ახალი რეგულაციების თანახმად, 2026 წლის სეზონიდან ჩემპიონატში რიგ ცვლილებებს ვიხილავთ, მათ შორის: ბოლიდები უფრო მსუბუქი (-30 კგ) გახდება, თვლების ბაზა და ბოლიდის სიგანე დამოკლდება და დავიწროვდება, რათა ისინი უფრო მოქნილნი გახდნენ. მნიშვნელოვნად შეიცვლება აეროდინამიკაც: ნაკლები მიმჭერი ძალა (-30%) და ნაკლები ჰაერის წინააღმდეგობა (-55%), რაც მოძრავ წინა და უკანა ფრთებთან ერთიანდება. საინტერესოა, გააუმჯობესებს თუ არა ეს გასწრების შესაძლებლობას, თუ ყველაფერი უფრო მეტად სტრატეგიულ დაგეგმვაზე იქნება დამოკიდებული.
იცვლება ძრავის აგრეგატებიც: V6 ჰიბრიდული შიგაწვის ძრავა (ICE) უცვლელი რჩება, ხოლო ელექტრომხარე გაძლიერდება. შედეგად, ICE-სა და ელექტროძრავას შორის სიმძლავრის თანაფარდობა 50:50-ზე გახდება. გამომშვიდობება მოგვიწევს DRS-თანაც, რომელსაც Manual Override სისტემა (ელექტრონული გამაძლიერებელი) ჩაანაცვლებს — ის სხვა მანქანასთან საკმარისად ახლოს ყოფნისას გააქტიურდება.

მნიშვნელოვანი საკითხებია მდგრადობა და უსაფრთხოებაც. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს 100%-ით მდგრადი საწვავის გამოყენებაზე, ძრავის აგრეგატის გამარტივებულ არქიტექტურასა და უფრო მკაცრ უსაფრთხოების სტანდარტებზე.
ამ რეგულაციების მთავარი მიზანი ბევრად მჭიდრო, კონკურენტუნარიანი და დაძაბული რბოლების მიღებაა. ამ ყველაფერთან ადაპტირება გუნდებს, ინჟინრებსა და მრბოლელებს მოუწევთ, თუმცა მათ მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვთ. ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, 2026 წლის სეზონის გახსნას დაველოდოთ და დასკვნები ამის შემდეგ გამოვიტანოთ.