მექანიკური V8-ძრავიანი სუპერქარი, რომელიც ერთდროულად გერმანული, იტალიური და ამერიკულია
გერმანული საინჟინრო კომპანიის მიერ აწყობილი, იტალიელების მიერ შექმნილი და ამერიკული V8 ძრავით აღჭურვილი ჰიპერქარი, რომელიც თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს, Capricorn 01 Zagato-ს სახელითაა ცნობილი. ახალი პროტოტიპის დებიუტი საფრანგეთში, Salon Rétromobile-ზე შედგა, სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ მას მერე, რაც პირველი ვერსია ბელგიაში საზოგადოების წინაშე წარდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი მოდელის ექსტერიერი დამახასიათებელი მწვანე ფერის (Verde Knokke) იყო, ინტერიერი კი ყავისფერი ტყავით იყო გაფორმებული, ახალმა ეგზემპლარმა უფრო თამამი, ყვითელი შეფერილობა (Giallo Sole) აირჩია. ინტერიერში იგი მკვეთრი ლურჯი ზამშის პერანგს შეუხამეს, რაც მანქანას სრულიად განსხვავებულ ვიზუალურ ხასიათს სძენს.

Capricorn-ის განცხადებით, ორივე ვერსია საინჟინრო განვითარების პროცესის ნაწილია და ისინი არა მხოლოდ დიზაინერული ნიმუშები, არამედ სრულად ფუნქციონირებადი და მართვადი ავტომობილებია. პარალელურად, კომპანია გერმანიაში, მიუნხენგლადბახის ქარხანაში, უკვე აწყობს მესამე ავტომობილს.
სახელიდანაც მიხვდებოდით, რომ მოდელი Zagato-ს მიერაა დაპროექტებული და მას ბრენდისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, მათ შორის „ორმაგი ბუშტის“ ფორმის სახურავი და ნუშისებრი მაშუქები. მოდელს ასევე აქვს აგრესიული აეროელემენტები, „თოლიას ფრთის“ ფორმის კარები, Ford GT-ის სტილის საჰაეროები, ორმაგი გამონაბოლქვი მილით აღჭურვილი ძრავის საფარი და სრული სიგანის უკანა მაშუქები.

სალონი შთამბეჭდავად ანალოგურია: მექანიკური გადაცემათა გადამრთველით და მრგვალი საჭით, რომელიც მბრუნავი მართვის საშუალებებითაა აღჭურვილი. ლურჯი ზამშისა და ღია კარბონის დეტალების სინთეზი ინტერიერს სრულყოფილ იერს სძენს.
ახლა კი მთავარზე: Capricorn 01 კარბონის მონოკოკურ ძარაზე დგას და აღჭურვილია ცენტრალურად განთავსებული, 5.2-ლიტრიანი V8 სუპერჩარჯერიანი ძრავით. ძრავა, რომელიც Ford-სგან შეიძინეს, მნიშვნელოვნად მოდიფიცირდა და ახლა ის 888 ცხენის ძალასა და 1 000 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. შედეგად, ავტომწარმოებლის მტკიცებით, მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს, 360 კმ/სთ-ს აღწევს.

მთელი ეს სიმძლავრე 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით უკანა ბორბლებზე ნაწილდება. უკანა წამყვანი თვლებით, 1 200 კგ-ზე ნაკლები წონითა და V8-ის სიმძლავრით, ამ მოდელის შესაძლებლობები მართლაც შთამბეჭდავია.
Capricorn 01 Zagato-ს მიწოდება მიმდინარე წელს დაიწყება. დაგეგმილი 19 ეგზემპლარიდან გაყიდვაში მხოლოდ მცირე რაოდენობაა დარჩენილი. ფასი კი შესაბამისია — ავტომობილის ღირებულება 2.95 მილიონი ევროა.