ავტონომიური მანქანა, რეგულაციები, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა
Aa
Aa

თვითმართვადი ავტომობილები რეგულაციების მოლოდინში | Tesla და Waymo კრიტიკას პასუხობენ

ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით თვითმართვადი ავტომობილებისა და ტაქსიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. Tesla-მ და Waymo-მ ამერიკის რამდენიმე შტატში ავტომატიზებული ტაქსების გამოცდა დაიწყეს და ისინი სატესტო რეჟიმში გაუშვეს. გზებზე მათ გამოჩენას მალევე კრიტიკოსები გამოუჩნდნენ, პარალელურად კი დღის წესრიგში მათი ოფიციალურ დონეზე დარეგულირების აუცილებლობაც დადგა.

საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სხდომები უკვე ჩაინიშნა. განხილვამდე კომიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სრულიად ავტონომიური ავტომობილები გზებზე ავარიების შემცირების პოტენციალს გვთავაზობენ“. თუმცა, ამავდროულად, ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ მათ ექსპლუატაციასთან ერთად წარმოიქმნება გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომელთა რეგულირებაც აუცილებელია.

მათ შორის, სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო ამ თვის დასაწყისში მომხდარ შემთხვევებზე მიუთითებს. ერთ-ერთ ინციდენტში, რომელიც Waymo-ს რობოტაქსის მონაწილეობით მოხდა, დაშავებული არასრულწლოვანია. მან მანქანასთან შეჯახების შედეგად მცირედი დაზიანებები მიიღო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტული შემთხვევისას ბავშვი სხვა მანქანას იყო ამოფარებული, რამაც ავტომობილს მისი აღქმა გაურთულა.

მომხდართან დაკავშირებით Waymo-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი თითოეულ ინციდენტს სიღრმისეულად სწავლობენ და გამოსავლის გზებზე მუშაობენ. ამასთანავე, კომპანიის მტკიცებით, რიგი ცვლილებები პროგრამული უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად უკვე შეტანილია.

საინტერესოა მათივე არგუმენტი: კერძოდ, კომპანიის განცხადებით, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სკოლასთან მომხდარი ინციდენტისას Waymo-მ უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინა, ვიდრე ამას ადამიანი მძღოლი მოახერხებდა. ეს კი ნიშნავს, რომ მიყენებული ზიანი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. კომპანია ამტკიცებს, რომ მათი მანქანები ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ადამიანების მიერ მართული ტრანსპორტი. 

თუმცა Waymo-მ ადრეც განაცხადა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზები გამოსწორებული იყო და ნოემბერში განახლებული ვერსიაც გაუშვა. ამის მიუხედავად, ნოემბრის შემდეგ Waymo-ს რობოტაქსების მონაწილეობით კიდევ რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა. პარალელურად, რობოტაქსების სერვისის გაშვება, საწყის ეტაპზე მხოლოდ ოსტინში, დაიწყო Tesla-მაც. ამერიკული კომპანიის შემთხვევაშიც, NHTSA-ს ანგარიში Tesla-ს რობოტაქსების მონაწილეობით მომხდარ რამდენიმე ინციდენტს აღრიცხავს.

Tesla-ს წარმომადგენლები, თავის მხრივ, არსებულ სტატისტიკაზე მიუთითებენ. მათი განცხადებით, ავტოინდუსტრიაში 1970-იანი წლების შემდეგ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, პროგრესი ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელი დარჩა. ამჟამად აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 40 000 ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად.

„ეჭვგარეშეა, რომ ავტონომიური მართვა იქნება ის, რაც ამ რიცხვს 40 000-დან ნულამდე შეამცირებს. მარტივად რომ ვთქვათ, ავტონომიური მძღოლი — სისტემა თუ კომპიუტერი — არ იღლება, თვალს არ ახამხამებს და არ ეძინება“, — აცხადებს Tesla-ს ტექნოლოგიური მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

რაც შეეხება პროგრამული თუ აპარატული გაუმართაობით გამოწვეულ კრიტიკულ შემთხვევებს, კომპანიის წარმომადგენლობამ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა. მათი განმარტებით, თითოეული მსგავსი ინციდენტი დაექვემდებარება დეტალურ, სიღრმისეულ მოკვლევას, რათა დადგინდეს ხარვეზის ზუსტი გამომწვევი მიზეზები. ამასთანავე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ დადასტურდება სისტემური შეცდომა ან ტექნიკური გაუმართაობა, კომპანია სრულად აიღებს პასუხისმგებლობას მომხდარის შედეგებზე და მყისიერად გაატარებს შესაბამის უსაფრთხოების ზომებს.

ფოტოს წყარო: Shop4Tesla 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები