Porsche-ს ელექტრომობილების პროექტის გაუქმება უფრო მეტ პრობლემას Audi-ს შეუქმნის
პორშეში ახალი წელი დიდი ცვლილებებით დაიწყო — იმდენად დიდით, რომელიც არამხოლოდ ოფისების შემადგენლობას, არამედ ბრენდის პრიორიტეტებსაც გარდაქმნის. გერმანულ ავტომწარმოებელს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს — მიხაელ ლაიტერსი ხელმძღვანელის სკამის დაკავებიდან რამდენიმე დღეში სრულად ელექტრო 718 Boxter-ისა და Cayman-ის პროექტის შეჩერებას განიხილავს.
ეს გადაწყვეტილება გავლენას მხოლოდ პორშეს საწარმოო ხაზზე არ მოახდენს — შესაძლოა, შედეგად Audi-ს Concept C სპორტქარის პროტოტიპი სერიულად გამოსვლამდე მოკვდეს... Carscoops-ის თანახმად, ლაიტერსმა ჩინეთში გაყიდვების ჩავარდნისა და ფინანსური ზარალის გამოსასწორებლად, პორშეს ოპერაციების გადახედვა დაიწყო და მალევე გამოვლინდა, რომ პრობლემა 718 სერიაა, რომელსაც მიწოდების ჯაჭვში უამრავი ხარვეზი აქვს — ყველაზე მძიმე კი შვედური Northvolt-ის გაკოტრებაა, რომელიც პორშეს ბატარეების წარმოებაში მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. 
გერმანულ გამოცემა Handelsblatt-ში ვკითხულობთ, რომ Northvolt-ის სწრაფად ჩანაცვლება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც, გარკვეულწილად, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ბლუმის ბრალია, რომელმაც ელექტრიფიკაციის პროგრამის პრობლემებს დროთა განმავლობაში საკმარისი ყურადღება არ მიაქცია. Bloomberg-ის წყაროების თანახმად, კომპანიაში აქტიურად განიხილავენ, არის თუ არა ფინანსურად მიზანშეწონილი Cayman-ისა და Boxter-ის გამოშვება.
რა შუაშია Audi? დაახლოებით იმ შუაშია, როგორც შვილი ანდაზაში: „მამის ნაჭამმა ყურძენმა შვილს მოსჭრა კბილიო" —კომპანიის CEO გერნოტ დოლნერი სტრატეგიას დიდწილად სწორედ Concept C-ზე ამყარებდა, რომელზეც ლეგენდარული TT-ს ახალი თაობა უნდა დაფუძნებულიყო. პროექტი სწორედ Porsche-ს EV პლატფორმას უნდა დაყრდნობოდა, მისი გაუქმების შემთხვევაში კი Concept C პროტოტიპად კიდევ დიდი ხნით დარჩება.

შეუძლია აუდის ცალკე მუშაობა?
საზიარო არქიტექტურა აუდისთვის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებასა და განვითარების დაჩქარებას ნიშნავდა. მის გარეშე, გერმანულმა ავტომწარმოებელმა Concept C ან თაროზე უნდა შემოდოს, ან პორშეს პლატფორმა იყიდოს და მასზე მუშაობა დამოუკიდებლად დაასრულოს.
გერმანული გამოცემის ინსაიდერების თქმით, ასეთი გარიგების დადება Audi-ს, სულ მცირე, ცხრანიშნა რიცხვად დაუჯდება. გარდა ამისა, საკითხავია, რა დრო დასჭირდება კომპანიას პლატფორმაზე მუშაობის დასასრულებლად და ავტომობილების წარმოების დასაწყებად. 
Volkswagen Group-ის SSP პლატფორმა, რომელზეც მომავალში კომპანიის ელექტრომობილების უდიდესი ნაწილი იქნება დაფუძნებული, 2028 წლის შუამდე მზად არ იქნება, რაც Audi-ს ორ ცეცხლს შუა აყენებს. სხვა თუ არაფერი, Concept C-ის პროექტის შეჩერება კომპანიის რეპუტაციისთვისაც „უხერხულია“. 2025 წლის სექტემბერში, მილანში გამართულ პრეზენტაციაზე, დოლნერმა პროტოტიპს „აუდის ტრანსფორმაციის პირველი ცხადი ნიშანი“ უწოდა...
გადაწყვეტს თუ არა Audi ასეულობით მილიონის გადახდას პორშეს პლატფორმაში, ამას მალე გავიგებთ, თუმცა დაღმასვლისკენ მიმავალი ლეგენდარული ავტომწარმოებლისთვის ეს ამბავი ნამდვილად აღმართში წამოწეული ქვაა...
თუ პორშეზე აუდის გამო გაბრაზდით, იხილეთ ჩვენი ვიდეო ავტომწარმოებლის ისტორიაზე და აპატიეთ...