საუკეთესო Bentley Bentayga, რომელიც ოდესმე შეუქმნიათ
Bentley Bentayga-ის მიმართ მძღოლებში საკმაოდ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ვხვდებით: ნაწილს ეს მოდელი უყვარს, ნაწილს კი — სძულს. თუმცა ამ ახალმა კონცეპტმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, შესაძლოა მისი კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახუროს. თქვენ წინაშე ახალი Bentayga X Concept-ია, რომელიც მზად არის, თქვენი წარმოდგენა ულტრა-ლუქს კლასის SUV-ზე სრულად შეცვალოს.
Bentley-ს ყველგანმავალი Bentayga-ს დებიუტი ავსტრიაში, FAT Ice Race-ზე შედგა. X Concept-ის მთავარი მიზანი Bentayga-ს საწარმოო ვერსიის მიმართ მომხმარებელთა ინტერესის გაზრდაა. ამჟამად Bentayga არის SUV, რომელიც ძირითადად სტანდარტულ და გრუნტის გზებზე მოძრაობისთვისაა შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა Bentley-ებთან შედარებით უფრო მაღალია, ამბობენ, რომ მისი მართვა საკმაოდ სახალისოა.

ახალი X კონცეპტი მიზნად ისახავს, იყოს უგზოობისთვის უფრო გამოსადეგი SUV. მას, სავარაუდოდ, სრული 4x4 სისტემა არ ექნება, მაგრამ უკეთესი საბურავები და მცირე საკიდარი უგზოობასთან გამკლავებაში ნამდვილად დაეხმარება. თუმცა, წესით, არც ამ მოდელის სერიულ წარმოებას უნდა ველოდოთ.
X Concept-ი თავის დროზე Bentayga Speed-ის სახით ვიხილეთ. ეს ნიშნავს, რომ კაპოტის ქვეშ ტვინტურბო 4-ლიტრიანი V8 ძრავა იმალება, რომელიც 641 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Bentley-მ ამ შემთხვევაში 22-ინჩიანი ნაჭედი (Forged) დისკები გამოიყენა, ოღონდ ყველგანმავალი საბურავებით.

Renegade R/T Bentley-ს მსგავსი მაღალი კლასის ავტომობილისთვის საკმაოდ უჩვეულო არჩევანია, მაგრამ თავისი საქმისთვის — მეტად გამოსადეგი. ეს ყველაფერი როდია: Bentley-მ გამოიყენა გაფართოებული ბორბლების თაღები, უამრავი დამხმარე განათება და 12.2 ინჩამდე გაზრდილი კლირენსი.
ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი კი საბარგულზე განთავსებული ელექტროკარტია — დაახლოებით ისეთი, როგორიც FAT Karting League-ში გამოიყენება. კარტი Bambino-ს ზომისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.