სუპერქარი, ელექტრომობილი, ფერარი, ფერარი ლუჩე, ინტერიერი
Aa
Aa

დიზაინის პოეზია — Ferrari-მ Luce-ს ინტერიერი წარადგინა

თუ შიშობდით, რომ Ferrari-ს პირველი ელექტრომობილის ინტერიერი Tesla-სას დაემსგავსებოდა და სკუდერიას მანქანა ბორბლებიანი აიპედი იქნებოდა, შეცდით. ავტომობილის ინტერიერი, რომელიც Apple-ის ყოფილმა დიზაინერმა, ჯონი აივმა შექმნა, ციფრული ტექნოლოგიების, ღილაკებისა და ვინტაჟური აქცენტების შესანიშნავი სინთეზია, რომელიც ფერარით გადაადგილების დაუვიწყარ შეგრძნებას ნამდვილად არ გააუფერულებს.  

გაიცანით Ferrari Luce — მისი სახელი სინათლეს ნიშნავს და მასზე არჩევანის შეჩერებით, იტალიური ბრენდი ცდილობს დაამტკიცოს, რომ პულსი ელექტრონებსაც შეიძლება ჰქონდეთ. და, რა თქმა უნდა, როგორც იტალიელებს ჩვევიათ, სიურპრიზი მოგვიმზადეს და სუპერქარის ექსტერიერის წარდგენამდე, მისი ინტერიერი გაგვაცნეს. 

დიზაინი LoveFrom-მა შექმნა — კომპანიამ, რომელიც ჯონი აივმა და მარკ ნიუსონმა შექმნეს. აივი ცნობილი iPhone-ისა და iPad-ის დიზაინებზე მუშაობით გახდა, თუმცა Luce-ს შემთხვევაში, დარწმუნებული იყო, რომ ავტომობილს ღილაკებიც ისევე სჭირდებოდა, როგორც სენსორები.

გადამრთველები დაბრუნდნენ

შესაბამისად, Lucce-ში ბლომად ვიხილავთ იმას, რაც თანამედროვე მოდელებიდან თანდათან ქრება — ნამდვილ ღილაკებს, ნამდვილ გადამრთველებს, რომლებთან შეხება და რომელთა წკაპუნა ხმაც თითოეულ ავტომოყვარულს სიამოვნებას ანიჭებს. Ferrari-ს განცხადებით, ტესტ-დრაივერებმა სალონი, სულ მცირე, 20-ჯერ გამოცადეს, რათა თითოეული ღილაკის იდეალური შეგრძნებისა და ხმისთვის მიეგნოთ. 

საჭეს წარსულში, 1960-იან წლებში მოგზაურობის კვალი ეტყობა — სამი თხელი ქიმი, გაშიშვლებული ალუმინი და განლაგება, რომლის ინსპირაციასაც Formula 1-ის კლასიკური ბოლიდები წარმოადგენდნენ. ის ფერარის ტიპურ საჭეებზე მსუბუქია და მრავალი ღილაკითაა შემკული, რათა ელექტრონულ სისტემაში ნავიგაცია სენსორულ ეკრანთან შეხების გარეშე შეძლოთ. 

ძალიან საინტერესოა ხელსაწყოთა პანელიც, რომელიც Samsung Display-ს დახმარებით შეიქმნა. ერთმანეთს ორი თხელი OLED-პანელი ედება, რითაც ღრმა, მრავალშრიანი ციფერბლატები იქმნება, რომლებიც, ერთი შეხედვით, შესაძლოა, ანალოგური გეგონოთ. 

თავის დროზე, ბრენდმა SF90-ის შექმნისას შეცდომა დაუშვა, როცა ავტომობილის დასაქოქი სენსორული ღილაკი საჭეზე განალაგა — ამან ძალიან შეამცირა სიამოვნება, რომელსაც მძღოლს მარანელოში აწყობილი მანქანის დაქოქვა უნდა ანიჭებდეს. Luce-ს შემთხვევაში, ბალანსი აღდგა... პირველ რიგში, მძღოლმა სპეციალური, მინის გასაღები ცენტრალური კონსოლის ცენტრში უნდა მოათავსოს, რის შემდეგაც მისი ფერი იცვლება და მოძრაობის რეჟიმების სელექტორი აქტიურდება. 

Ferrari Luce EV-ის ექსტერიერის სანახავად მაისამდე მოცდა მოგვიწევს, თუმცა იქამდე, წესითა და რიგით, მისი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ შევიტყობთ. 

როგორ ფიქრობთ, შეძლებს ფერარი იმის დამტკიცებას, რომ შესაძლოა საავტომობილო სული ელექტრომობილსაც გააჩნდეს?


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები