აშშ-ის ბაზარზე ახალი ავტომობილის საშუალო ფასი რეკორდულად გაიზარდა
უახლესი სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის იანვარში აშშ-ის ბაზარზე ახალი ავტომობილის საშუალო ფასმა აშშ-ის ბაზარზე თითქმის 50 000$-ს მიაღწია.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გასული წლის იანვართან შედარებით, ახალი მანქანის შეძენისას განხორციელებული ტრანზაქციის საშუალო ფასი 2%-ით გაიზარდა და 49 191$-ს გაუტოლდა. დეკემბერთან შედარებით, ფასები ოდნავ შემცირდა, თუმცა Cox Automotive-ის განცხადებით, ეს ნორმალური, ყოველწლიური ტენდენციაა, რადგან წლის ბოლოს, როგორც წესი, მდიდრული ავტომობილების გაყიდვები იმატებს.
საავტომობილო ბაზარს აშშ-ში მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა იმ ბენეფიტების შემცირებამ, რომელიც ავტომობილის შეძენას ახლდა თან. ამ სტიმულების პროცენტული რაოდენობა, საშუალოდ, 6.5%-მდე დაეცა, შესაბამისად, გაძვირება მომხმარებლის ჯიბეს დააწვა. არსებულ ბაზარზე, მეტად „გულუხვი“ ფასდაკლებები მდიდრულ მოდელებსა და დიდ პიკაპებს ეხებათ, ხოლო კომპაქტური და მეტად გაყიდვადი მოდელები განზე რჩებიან.
არსებულ პირობებში, ყველაზე ბიუჯეტურ ვარიანტად კომპაქტური SUV-ები რჩებიან. ამ სეგმენტში საშუალო ფასი 0.6%-ით შემცირდა და 36 000$-ს უტოლდება. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ გაყიდვებზე სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენლები დომინირებენ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფაქტი, რომ ჭეშმარიტად იაფი ავტომობილები, ფაქტობრივად, გადაშენდნენ. მაგალითად, ბაზრიდან გაქრნენ Mitsubishi Mirage და Nissan Versa, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის ბაზარზე ახალი ავტომობილის 20 000$-ზე იაფად შეძენა ამ მომენტში შეუძლებელია. 
ღობის მეორე მხარეს, ტრადიციულად პოპულარულებად რჩებიან სრულგაბარიტიანი პიკაპები — საშუალო ფასი ამ სეგმენტში 70 000$-ზე მაღალია, თუმცა იანვარში 150 000 ერთეულზე მეტი პიკაპი მაინც გაიყიდა. გასული თვე ზედიზედ მე-5 იყო, რომელშიც პიკაპების საშუალო ფასმა 70 000$-ს გადააჭარბა, ეს კი ბაზრის ტენდენციებზე გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
ელექტრომობილების საშუალო ფასი, დაახლოებით, 55 700$-მდე შემცირდა, რაც 0.6%-იანი კლებაა 2025-ის იანვართან შედარებით. ცხადია, ამ სეგმენტს ბენეფიტების შემცირებამ კიდევ უფრო მძიმედ დაარტყა. პრობლემად რჩება დაბალი მოთხოვნაც.
KBB-ის ცნობით, იანვარში შტატებში მხოლოდ 66 000 ელექტრომობილი გაიყიდა, რაც საგადასახადო შეღავათის გაუქმებასთან პირდაპირ კავშირშია. 