აუქციონზე ძალიან იშვიათი Bentley Continental SC გამოჩნდა
Continental GT, ალბათ, Bentley-ს ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელია, რადგან ბრიტანული ავტომწარმოებელი ძველ მწვერვალებზე სწორედ მან დააბრუნა, როცა 2002 წელს საავტომობილო სამყაროს კარი შემოაღო. თუმცა, ცოტას თუ ახსოვს Continental SC, რომელიც ბრენდმა რამდენიმე წლით ადრე, შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა.

Sedanca Coupe-დ ცნობილი სპორტქარი Continental R-ზე იყო დაფუძნებული და 1999 წელს გამოჩნდა. ახლა კი ერთ-ერთი ეგზემპლარი აუქციონზე იყიდება — მანქანა თითქმის 30 წლის შემდეგაც შესანიშნავად გამოიყურება და მისი ოდომეტრიც სასიამოვნოდ დაბალ რიცხვს აჩვენებს.
კლასიკური შავი ექსტერიერის მქონე Continental SC-ს ვერტიკალური, მატრიცული ცხაურა, წითელი ემბლემები, ქრომირებული აქცენტები და 18-დუიმიანი, 5-ქიმიანი დისკები ამშვენებს, თუმცა მთავარი მაინც მისი სახურავია — ორნაწილიანი ჭერის მოშორების შემთხვევაში მძღოლს ძალიან ელეგანტური ტარგა შერჩება ხელში. ეს კი რთული სულაც არ არის, მინის პანელები სახურავს მარტივად ეხსნება და საბარგულში მათთვის შესაბამისი ადგილიცაა გამოყოფილი. 
შესანიშნავად გამოიყურება მანქანის ინტერიერიც — ყავისფერი ტყავით დაფარული სავარძლები იდეალურადაა შემონახული, რასაც დიდებულად ეხამება პოლირებული კაკლის ხისა და ქრომირებული მეტალის აქცენტები — აქვს შეხვდებით Alpine-ის მაღალი დონის აუდიოსისტემას.
ბრიტანული კუნთები
ცხადია, ვიზუალის შესაფერისია Continental SC-ის ძალური აგრეგატიც. კაპოტის ქვეშ მფლობელს 6.75-ლიტრიანი V8 ძრავა დახვდება, რომელიც 400 ცხ.ძ-სა და 800 ნიუტონს გამოიმუშავებს. სიმძლავრე ბორბლებს გადაცემათა 4-სიჩქარიანი, ავტომატური კოლოფით მიეწოდება. აჩქარება, თანამედროვე სპორტქარებთან შედარებით, მოკრძალებულია — 100 კმ/სთ-ს Continental SC, დაახლოებით, 6 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს შეადგენს. 
ავტომობილი სოთბის მაიამის აუქციონზე თებერვლის ბოლოს გაიყიდება — საორიენტაციო ფასი 250 000-დან 300 000$-მდე მერყეობს, რაც ახალი Continental GT-ის ფასის ტოლია. ეს იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა, 73-დან ერთ-ერთი მანქანის შესაძენად, რომელსაც 27 წელიწადში, სულ რაღაც, 4330 კმ აქვს გავლილი, კარგი ფასია.
აუქციონისათვის თვალის მიდევნებას ამ ბმულზე შეძლებთ, რის შემდეგაც, თუ დრო გაქვთ, შეგიძლიათ ბენტლის ისტორიასაც გაეცნოთ, რომელსაც CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ვიდეო მივუძღვენით: