სუვი, ელექტრომობილები, თანამშრომელთა შემცირება, ლუსიდი, ლუსიდ გრევითი
Aa
Aa

Gravity SUV-ის გამოშვების პარალელურად, Lucid-ი თანამშრომელთა რაოდენობას 12%-ით ამცირებს

საავტომობილო ინდუსტრია ზოგჯერ, შესაძლოა, ძალიან მკაცრი იყოს და მწარმოებელს მძიმე ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგოს — გამონაკლისი, ცხადია, არც ელექტრომობილების სეგმენტია, რომელშიც ბრენდებზე ზეწოლა ახლა არნახულადაა გაზრდილი. სწორედ ამიტომ, Lucid-ს თავისი სამუშაო ძალის 12%-ით შემცირება მოუწია. 

მიზეზი Gravity-ის სერიული წარმოების დაწყების პარალელურად ხარჯების შემცირება და მომგებიანობის გაზრდაა. მოცემული ინფორმაცია დაადასტურა Bloomberg-მაც — გამოცემამ გაავრცელა მეილი, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკ ვინტერჰოფმა თანამშრომლებს გაუგზავნა. 

„თანამშრომლებთან გამომშვიდობება არასდროს არის მარტივი. ჩვენ მადლობელი ვართ ყველა იმ ადამიანის, რომლებსაც დღევანდელი ქმედება შეეხო და შევთავაზებთ მათ გამოსავალს, ბონუსებს, სამედიცინო დაზღვევის შენარჩუნებასა და მხარდაჭერას გარდამავალ პერიოდში, რაღა ამ რთული მომენტის გადალახვა შეძლონ“, — ვკითხულობთ ვინტერჰოფის წერილში.

ბლუმბერგის ცნობით, შემცირებულთა უმრავლესობა კორპორატიულ პოზიციაზე მუშაობს. საათობრივ ანაზღაურებაზე მომუშავე პიროვნებებს, რომლებიც პასუხისგმებლები არიან წარმოებასა და ლოჯისტიკაზე არიზონაში მდებარე ქარხანაში, აღნიშნული შემცირებები არ შეეხებათ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან კომპანიამ Gravity SUV-ის წარმოება უნდა გაზარდოს და Midsize პლატფორმის შექმნაზე მუშაობა უნდა გააგრძელოს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჩვენს სტრატეგიაზე — პრიორიტეტები კვლავ უცვლელია და ვაგრძელებთ მუშაობას Midsize პლატფორმაზე. ასევე, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ რობოტაქსების ბაზარსა და პროგრამულ განვითარებაზე, ისევე როგორც Lucid Gravity-ისა და Air-ის გაყიდვების ზრდაზე“, — განაცხადა ვინტერჰოფმა. 

ამჟამად, Lucid-ის მთელი ყურადღება Gravity SUV-ის წარმატებაზეა გამახვილებული, თუმცა მომავლისთვის ახალი პლატფორმის შექმნა არანაკლებ მნიშვნელოვანია. სერიული წარმოების რაოდენობით, Lucid-ი მნიშვნელოვნად ჩამორჩება Tesla-ს რომელიც ბევრად მეტ Model 3-სა და Model Y-ს აწარმოებს — შესაბამისად, ეს განსხვავება აღმოსაფხვრელია.

მსგავსი სიახლეები