Nissan-მა თავისი ყველაზე იაფი სედანი მნიშვნელოვნად განაახლა | როგორი იქნება ახალი Versa
Nissan-მა 2026 წელი აქტიურად დაიწყო და 2027 წლის Versa უკვე წარადგინა. კომპანიამ განაცხადა, რომ მისი წარმოება მექსიკაში მდებარე Aguascalientes A1 ქარხანაში უკვე დაიწყო. ტექნიკური დეტალები უცნობია, თუმცა იაპონურმა ავტომწარმოებელმა ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სედანი მნიშვნელოვნად შეიცვალა.
კომპანიის ცნობით, მე-3 თაობის Versa განვითარდა როგორც დიზაინის, ისე ტექნოლოგიისა და უსაფრთხოების მიმართულებით და, რაც ყველაზე მთავარია, მოდელი კვლავ ბიუჯეტური არჩევანი იქნება.
ამ დრომდე ბუნდოვნად რჩება, დაბრუნება თუ არა ვერსა აშშ-ის ბაზარზე, რადგან Carscoops-ის კითხვაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, Nissan-ში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. 

როგორც განახლებული Sentra-სა და სხვა არაერთი იაპონური მოდელის შემთხვევაში მოხდა, ახალ ვერსას წინა თაობისგან ბევრი დეტალი განასხვავებს, თუმცა საერთო ნიშნებიც შენარჩუნებულია. მაგალითად, მოდელის სტრუქტურა წინა, 2019 წელს გამოსული თაობის ანალოგიურია: პროფილი და სახურავის ზოლი თითქმის იდენტურია. მიუხედავად ამისა, რადიკალურადაა შეცვლილი ავტომობილის ცხვირი — შავი, ბზინვარე ზოლით ერთმანეთთან დაკავშირებული ბრტყელი LED მაშუქების დიზაინი Murano-ს მოგვაგონებს. ბევრად უფრო ვიწროა მოდელის ცხაურაც, რომელიც ბამპერში განლაგებულ დაგრძელებულ ჰაერის შემშვებს უკავშირდება — სამაგიეროდ, უცვლელია კაპოტი და ფრთები.
ცვლილებები შეიმჩნევა უკანა მხარესაც — აქ მაშუქები უფრო გამოკვეთილია და ავტომობილს მეტად კუთხოვან იერს აძლევს. ავტომანქანის სანომრე ნიშანი ამჯერად უფრო დაბლაა განლაგებული და თითქოს უკანა ბამპერშია ჩაშენებული. განახლებულია ალუმინის დისკებიც, რომელიც ფოტოებზე წარმოდგენილი მანქანის Arctic Ice Blue Metallic საღებავს ძალიან უხდება.
ჯერჯერობით სალონის ფოტოები არ მოგვეპოვება, თუმცა, დიდი ალბათობით, 2027 წლის Versa-ს მეტად გაციფრულებული ხელსაწყოთა პანელი და განახლებული მულტიმედიის მონიტორი ექნება — უნდა ველოდოთ მძღოლის დამხმარე ჭკვიან სისტემებსაც.
მექანიკურად, ავტომობილი Nissan V პლატფორმას ეყრდნობა, რომელსაც წინა თაობის Kicks-ი და ახალი ქროსოვერი Kait-ი იყენებენ. კაპოტის ქვეშ დაბრუნდება 1.6-ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავა, რომლის მიერ გამომუშავებული სიმძლავრეც ბორბლებს უსაფეხურო გადაცემათა კოლოფით მიეწოდება (მექანიკური გადაცემათა კოლოფი ამ თაობის მოდელებში უკვე აღარ გვხვდება). 
ბაზრების სია, რომლებზეც განახლებული ვერსა შევა, გრძელი ნამდვილად არ არის — მეტიც, ვარაუდობენ, რომ Nissan-ი მოდელს მხოლოდ მექსიკასა და ბრაზილიაში გაყიდის, სადაც ბიუჯეტურ სედანებზე მოთხოვნა მაღალია. ვერ ვიტყვით, რომ ბიუჯეტურ სედანებს ამერიკელებიც არ ეძებენ — ყველაზე იაფი მოდელი წლების განმავლობაში ამ ბაზარზე სწორედ Versa იყო, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს დაბრუნებაც ვიხილოთ.