Lexus-ი 4000-ზე მეტ LX600-ს უკან გაიწვევს
საავტომობილო სამყარო სასტიკია — აქ მოულოდნელი შეცდომებისგან დაზღვეული მდიდრული SUV-ების მწარმოებლებიც კი არ არიან — ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა...
Lexus-ი ახალი LX600-ის მფლობელებს აფრთხილებს, რომ მათი ავტომობილი ავარიისა და აალების მომატებული რისკით მოძრაობს, ხოლო მიზეზი რაიმე მეორეხარისხოვანი დეტალის ნაცვლად, ბრენდის უახლესი 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია, რომლითაც ლექსუსის ფლაგმანია აღჭურვილი.

უკან გაწვევა უკვე გაოფიციალურდა აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ვებ-გვერდზეც, სადაც ვკითხულობთ, რომ სიჩქარეთა გადართვაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი სოლენოიდი, შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს. თუ ეს მოხდება, გადაცემათა კოლოფის ელექტრონული მართვის ბლოკი და ძრავის ანალოგიური ნაწილი კომუნიკაციას ვერ შეძლებენ.
გარდა სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის დაზიანებისა, პრობლემამ შესაძლოა გადაადგილებისას ავტომობილის სიმძლავრის ვარდნა გამოიწვიოს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს ზრდის. თუ ნაწილის კორპუსი დაზიანებულია, შესაძლოა გადმოიღვაროს სითხეც, რაც აალების საფრთხეს წარმოქმნის.
Lexus-ის განცხადებით, უკან Aisin-ის 10-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით აღჭურვილ 4374 ერთეულ 2025-2026 წლების LX600-ს გაიწვევენ, რომლებიც 2024 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 8 დეკემბრამდე აწარმოეს. 
Toyota-მ პოტენციური პრობლემა გასული წლის ოქტომბერში დააფიქსირა, რასაც დეტალური გამოძიება მოჰყვა. ინჟინრებმა იაპონიაში დაფიქსირებული დაზიანებული მოდელები დეტალურად გამოიკვლიეს და იანვრიდან სხვა ბაზრებზე გაყიდული ავტომობილებიც მოიძიეს. სოლენოიდის პრობლემა სწორედ დამატებითმა კვლევამ გამოავლინა.
იაპონური ავტომწარმოებლის განცხადებით, შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, გაწვეული მოდელების რამდენ პროცენტში გამოვლინდება ხარვეზი, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პრობლემური ნაწილი უფასოდ გამოიცვლება. ლექსუსის სერვის-ცენტრებში მისვლა LX600-ის მფლობელებს აპრილიდან შეეძლებათ.