პროექტები, მაზდა, მაზდა მიატა, მიატა
Aa
Aa

Mazda-ს ინჟინრების საიდუმლო ექსპერიმენტი: Miata, რომელშიც V6 ჩადგეს

Mazda Miata ტრადიციულად მუდმივად თავისი 4-ცილინდრიანი ძრავის ერთგული იყო. რეალურად, MX-5-ს ერთი მარტივი მისია ჰქონდა: მოდელის საკმარისი, მაგრამ არა გადაჭარბებული სიმძლავრე მის მსუბუქ კონსტრუქციასთან იდეალურად უნდა დაებალანსებინა. ხოლო მათ, ვისაც Miata-ს ბევრად ძლიერი ვერსია სურდათ, შეეძლოთ სათადარიგო ნაწილები გამოეყენებინათ და ავტომობილში თუნდაც „გიჟური“ V12 ჩაედგათ.

მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ერთხელ Mazda-ს ინჟინრებმა ფარულად ააწყვეს Miata, რომელშიც 2.5-ლიტრიანი V6 ძრავა მოათავსეს. ეს შემთხვევა, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინ მოხდა, ევროპის რეგიონში კომპანიის კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელმა ნიდერლანდურ ჟურნალ AutoRAI-სთან საუბრისას გაიხსენა.

კრისტიან შულცეს ინტერვიუდან ირკვევა, რომ უნიკალური MX-5 არ იყო კომპანიის მხარდაჭერით განხორციელებული ოფიციალური პროექტი, არამედ სამუშაო საათების შემდეგ გუნდის ინჟინრების მიერ შექმნილი ენთუზიაზმი იყო. თუმცა, როგორც კი მათ V6 ავტომობილის ძრავის განყოფილებაში მოათავსეს, ერთ პრობლემას წააწყდნენ: ექვსცილინდრიანი ძრავა ძალიან მაღლა იდგა, რამაც მანქანის დიზაინი გააფუჭა.

გამოდის, რომ 6-ცილინდრიანი MX-5 დაახლოებით 2006 წელს შეიქმნა — იმ დროს, როდესაც როდსტერი მეორედან მესამე თაობაზე გადავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ NC მოდელი (2006–2015) Miata-ს ყველა თაობიდან ყველაზე დიდი ზომის იყო, ინჟინრებმა ცდებისთვის, სავარაუდოდ, სწორედ ის გამოიყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ვიზუალურად დიდად მიმზიდველი არ ყოფილა, შულცეს თქმით, V6 ძრავით აღჭურვილი პროტოტიპი სამართავად ძალიან საინტერესო ავტომობილი გამოვიდა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ Mazda-ს პრიორიტეტი ყოველთვის წონის ბალანსი იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პროექტის შემთხვევაში ის დაირღვა.

გაურკვეველია, ზუსტად რა სიმძლავრე ჰქონდა ამ პროექტს, თუმცა 2.5-ლიტრიანი მოცულობა K-სერიის V6 ძრავაზე მიუთითებს. კონკრეტულად, საუბარია Mazda KL-DE ძრავზე, რომელიც გამოიყენებოდა უფრო დიდ მოდელში — Mazda MX-6-ში და დაახლოებით 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. NC1 თაობის Miata თავისი 2-ლიტრიანი ძრავით 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რაც ნიშნავს, რომ ამ პროექტს დაახლოებით 30 ცხ.ძ-ის უპირატესობა ექნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები