გაყიდვების დაწყებამდე „ბარსას“ ფეხბურთელებმა ახალი ელექტრომობილი გამოცადეს
Cupra გერმანული ავტომწარმოებლის, Volkswagen Group-ის საკუთრებაში არსებული ბრენდია, რომელიც ჯგუფის შემადგენლობაში მყოფი ესპანური კომპანიის, Seat-ის მიერ იწარმოება. ამასთან ერთად, Cupra კატალონიური საფეხბურთო კლუბის, „ბარსელონას“ პარტნიორი და სპონსორია, რის ფარგლებშიც „ბარსას“ ფეხბურთელებს გასული წლის ივლისში ახალი ავტომობილები გადაეცათ.
Cupra Raval-ი ქალაქისთვის განკუთვნილი, დაახლოებით 4 მეტრის სიგრძის ელექტრომობილია. მას სადილეროებში ჯერ ვერ ნახავთ, რადგან მისი ოფიციალური დებიუტი 9 აპრილს არის დაგეგმილი. თუმცა, ამ თარიღის დადგომამდე, „ბარსელონას“ რამდენიმე ფეხბურთელისთვის კლუბის სავარჯიშო მოედანზე მოწყობილ სატესტო დრაივზე წინასაწარმოო ვერსიის ჩვენება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს ვერსია კვლავ შენიღბული იყო.

ფეხბურთელები, რომელთაც Cupra Raval-ის გამოცდის საშუალება მიეცათ, ფრენკი დე იონგი, პედრი, ფერან ტორესი, რუნი ბარდჯი და ალეხანდრო ბალდე იყვნენ. პრეზენტაციაზე იმყოფებოდა ლამინ იამალიც, რომელსაც ავტომობილის მხოლოდ ახლოდან დათვალიერება და ფოტოსესიაში მონაწილეობა მოუწია, რადგან მართვის მოწმობა ჯერ არ აუღია.
ასევე დაგაინტერესებთ: ლამინ იამალი პირველი ავტომობილის არჩევისას რონალდუსადმი მიბაძვას არ გეგმავს
კონკრეტული მოდელი, რომელიც სტადიონზე ვიხილეთ, VZ ვერსია იყო — მომავალი სერიის შედარებით უფრო სპორტული მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის კორპუსი კვლავ შენიღბული იყო, ისეთი დეტალები, როგორიცაა 19-ინჩიანი სპილენძისფერი შენადნობის დისკები და Dinamica-ს ქსოვილით დაფარული სავარძლები, მაინც თვალსაჩინო იყო.

სატესტო წარდგენის მიზანი იყო, მოთამაშეებს თავად გამოეცადათ ავტომობილის აჩქარება, დამუხრუჭების სისტემა და მოსახვევებში მანევრირება. Sport რეჟიმის გააქტიურების შემდეგ ელექტრომოდელი თავის სრულ პოტენციალს ავლენს. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, დეტალურად შეესწავლათ Sennheiser-ის ხმის სისტემა და შეეფასებინათ მანქანის მონაცემები.
კომპანიის გლობალური ოპერაციების ხელმძღვანელის, იგნასი პრიეტოს განცხადებით, Cupra-სა და FC Barcelona-ს საერთო მიზანი ამოძრავებთ: გააძლიერონ ახალი თაობები როგორც მოედანზე, ისე გზებზე. „Cupra Raval-ი სწორედ ამ ხედვას წარმოადგენს: მისი მიზანი ელექტრომობილების რევოლუციაა. ფეხბურთელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საჭესთან დამსხდარიყვნენ, თავად გამოეცადათ ავტომობილის ემოციური ზეგავლენა და გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები“.
ცნობისთვის, Cupra Raval-ი ამ ბრენდის პირველი ურბანული ელექტრომობილი იქნება. დიდი ალბათობით, აღნიშნული მოდელი სხვადასხვა ვერსიით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის — განსხვავებული სიმძლავრეებითა და აკუმულატორებით. VZ ვერსია კი, წესით, ამ ხაზში ყველაზე მძლავრი და მაღალი ხარისხის იქნება.