Mazda MX-5-ის მომავალი | Miata-ს გადარჩენა მხოლოდ სინთეზურ საწვავს შეუძლია?
Mazda MX-5-ის ND თაობა თითქმის 12 წლისაა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ავტომწარმოებელი ახალ Miata-ს უახლოეს მომავალში გამოუშვებს. ამ საკითხზე Mazda-ს ევროპის რეგიონის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ NE-ს გამოსვლამდე „კიდევ რამდენიმე წელია“ დარჩენილი.
ჰოლანდიურ გამოცემა AutoRAI-სთან საუბრისას, ჯო სტენუიტმა განაცხადა, რომ Mazda-ს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუ რომელ ძრავას გამოიყენებს ახალ მოდელში. თუმცა, სავარაუდოდ, ელექტრიფიკაციას რაიმე სახით მაინც ვიხილავთ, რაც წინაპირობაა იმის, რომ მოდელი გამონაბოლქვზე დაწესებულ მკაცრ რეგულაციებს დააკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ mild-ჰიბრიდების შემთხვევაში წონის მატების პრობლემის თავიდან აცილება შედარებით მარტივია, კომპანია ამ ვერსიას თითქმის არ განიხილავს.

ცალკე, Mazda-ს ევროპის რეგიონის კვლევებისა და განვითარების ხელმძღვანელმა, კრისტიან შულცემ, გამოცემა AutoRAI-ს განუცხადა, რომ საუკეთესო შემთხვევაში, Miata NE სინთეზურ საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავას გამოიყენებს. ეს თავიდან ააცილებს როგორც ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ წონის მატებას (ჯარიმებს), ასევე უფრო მკაცრი რეგულაციებისგანაც დაიცავს.
„MX-5-ის გამონაბოლქვის შემცირების უმარტივესი გზა სინთეზური საწვავის გამოყენებაა. სინთეზური, CO2-ნეიტრალური საწვავი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, არსებული შიგაწვის ძრავის გამოყენება განვაგრძოთ, თანაც ავტომობილის კონცეფციის სრული გადახედვის გარეშე. MX-5-ის მსგავსი მოდელისთვის, რომლისთვისაც მსუბუქი კონსტრუქცია, ბალანსი და მექანიკური სისუფთავე უმნიშვნელოვანესია, ეს ძალიან ლოგიკური გზაა“, - განაცხადა შულცემ.
ND-ის თაობა პირველად 2014 წელს გამოჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, Mazda ფორმულის დახვეწაზე მუშაობას კვლავ განაგრძობს. შულცეს განცხადებით, ინჟინრები დიდი მონდომებით მუშაობენ, რათა კომპანიის 1.5-ლიტრიანი და 2-ლიტრიანი მოცულობის ძრავები რეგულაციებთან შესაბამისობაში მოიყვანონ. მისივე თქმით, ატმოსფერული ოთხცილინდრიანი აგრეგატები ტექნიკურ გადახედვას, წვის პროცესის გაუმჯობესებასა და გამონაბოლქვის დამუშავების სისტემის დახვეწას დაექვემდებარებიან.

საინტერესოა, რომ Mazda-მ ადრე ავტომობილში მომავალი Skyactiv-Z ძრავის დამატებაზეც ისაუბრა. თუმცა, შულცეს განცხადებით, უფრო დიდი ძრავის დაყენება მოდელის ბალანსსა და მართვაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამას Euro 7-ის რეგულაციებიც ემატება, რაც MX-5-ში მოცულობითი ძრავების გამოყენების ალბათობას კიდევ უფრო ამცირებს.