ჩინეთი, გაყიდვები, ბიუაიდი, ჩინური ელექტრომობილები
Aa
Aa

თებერვალში BYD-ის ავტომობილების გაყიდვები 41%-ით შემცირდა | მიზეზები

თებერვალში ჩინური ავტომწარმოებლის, BYD-ის გაყიდვები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 41%-ით შემცირდა. გაყიდვების ვარდნა უმეტესად შიდა ბაზარზე მოთხოვნის კლებით აიხსნება, რაც ჩინური ახალი წლის გამო ქვეყნის მასშტაბით წარმოებისა და ვაჭრობის თითქმის ორკვირიან შეფერხებას უკავშირდება.

კომპანიის მიერ კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტრომობილების უმსხვილესმა მწარმოებელმა გასულ თვეში 190 190 ავტომობილი გაყიდა (მათ შორის როგორც ჰიბრიდული, ისე სრულად ელექტრო მოდელები). ეს მონაცემები მოიცავს 187 782 ერთეულ სამგზავრო ავტომობილს, რაც ჩინური გიგანტის საწარმოო მოცულობის უდიდეს წილს შეადგენს.

თებერვალში გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა. ჯამში გაყიდული 190 190 ერთეულიდან 100 000-ზე მეტი ავტომობილი კომპანიამ ექსპორტზე გაიტანა — ძირითადი ბაზრები ევროპა და ლათინური ამერიკა იყო. მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში გაყიდვების საერთო მაჩვენებელი 36%-ით შემცირდა და 400 241 ერთეული შეადგინა.

როგორც აღვნიშნეთ, თებერვლის დაბალი მაჩვენებელი ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებული ფაქტორებით აიხსნება: შემცირებული წარმოება, სადილეროების მუშაობის შეფერხება და სადღესასწაულო პერიოდში მომხმარებელთა დაბალი აქტივობა. ტრადიციულად, მსგავს ვარდნას მარტის თვეში გაყიდვების მკვეთრი ზრდა მოსდევს ხოლმე.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ბაზრის გაჯერებისა და გაზრდილი კონკურენციის გამო, BYD ჩინეთში გაყიდვების სტაბილურობისთვის მანამდეც იბრძოდა. გამომდინარე აქედან, ჩინურმა ავტომწარმოებელმა ექსპორტი თავის მთავარ პრიორიტეტად დაისახა, სტრატეგიულ ბაზრებად კი კვლავ ევროპა და ლათინური ამერიკა რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები