ჩინური GAC-ი მფრინავი ტაქსების სერიულ წარმოებას იწყებს
ჩინური საავტომობილო გიგანტი GAC (Guangzhou Automobile Group) ოფიციალურად გასცდა ორგანზომილებიანი გზების საზღვრებს და მესამე განზომილებაში — ცაში გადაინაცვლა. კომპანიამ თავისი ბრენდის, Govy-ს ეგიდით, დაიწყო საკუთარი eVTOL (ელექტრონული ვერტიკალური აფრენა-დაფრენის) აპარატის, AirCab-ის სერიული წარმოება.

აღსანიშნავია, რომ GAC-ის ქარხანა ამ ეტაპზე წელიწადში მხოლოდ 100 ერთეულის გამოშვებით შემოიფარგლება, თუმცა ეს არ არის უბრალო პროტოტიპი. AirCab-მა უკვე გაიარა ქრაშ-ტესტების სრული პროგრამა და მიმდინარე 2026 წლის ბოლომდე გეგმავს სერტიფიცირების ყველა ეტაპის დასრულებას, რათა მალევე დაიწყოს პირველი კომერციული მიწოდებები.
შეზღუდული რადიუსი და ფიზიკის მკაცრი კანონები
კომპანიის ფლაგმანი ორადგილიანი საფრენი აპარატის კორპუსის 90%-ზე მეტი მსუბუქი ნახშირბადის ბოჭკოსგან არის დამზადებული. სალონიდან გამოწეულია 6 „საცეცი“, რომელთაგან თითოეულზე პროპელერების წყვილია დამონტაჟებული.

GAC-ის ინფორმაციით, აპარატი აღჭურვილია მაღალი სიმკვრივის ცილინდრული ბატარეებით, რომელთა სრულად დამუხტვას სულ რაღაც 25 წუთი სჭირდება. თუმცა, აქ საინჟინრო გუნდი ფიზიკის უმკაცრეს პრობლემას წააწყდა — მულტი-როტორული eVTOL-ები ენერგიის უზარმაზარ ნაწილს ხარჯავენ მხოლოდ იმისთვის, რომ ჰაერში ილივლივონ. ვინაიდან დღევანდელი ლითიუმ-იონური ბატარეების წონისა და ენერგოტევადობის ბალანსი შეზღუდულია, წარმოებაში ჩაშვებული AirCab-ის სვლის მარაგი მიმდინარე აკუმულატორებით სულ რაღაც 30 კილომეტრია.
Govy-ს აღმასრულებელი დირექტორი ღიად აცხადებს, რომ მფრინავი მანქანების მომავალი სრულად არის დამოკიდებული მყარსხეულიან ბატარეებზე. საინტერესოა, რომ სანამ საავტომობილო ინდუსტრია ამ ტექნოლოგიის მასობრივ წარმოებაში ჩაშვებას და გაიაფებას ელოდება, ავიაცია მზად არის, ის პირველმა აითვისოს. მიზეზი მარტივია — საფრენი აპარატების წარმოების თვითღირებულება ისედაც 50-100-ჯერ აღემატება ავტომობილებისას, ამიტომ ძვირადღირებული მყარსხეულიანი ელემენტების ფასი ავიაციისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ტექნოლოგიით კი AirCab-ის მომავალი ვერსიების ფრენის დისტანცია მინიმუმ გაორმაგდება.

ამ ეტაპზე GAC-ს არ აქვს ამბიცია, რომ საცობები მასობრივად ცაში გადაიტანოს. AirCab-ის უპირველესი დანიშნულება დაბალ სიმაღლეზე კულტურულ-ტურისტული და რეკრეაციული ფრენებია. კომპანიამ უკვე ჩაატარა წარმატებული საჩვენებელი ფრენებიც.
რაც ყველაზე შთამბეჭდავი (და ზოგისთვის საშიშია) — აპარატს საერთოდ არ ჰყავს პილოტი. ის აღჭურვილია Level 4 ავტონომიური საფრენი სისტემითა და დაბალ სიმაღლეზე დაბრკოლებების არიდების ჭკვიანი ტექნოლოგიით. თუ ქალაქში უპილოტო რობოტაქსიში ჩაჯდომა თქვენში დისკომფორტს გამოიწვევს, მაშინ უპილოტო საფრენ აპარატში ჩაჯდომისგანაც, ალბათ, თავი უნდა შეიკავოთ...
ეს ტექნოლოგია, რა თქმა უნდა, იაფი არ ღირს. მისი წინასწარი შეკვეთის ფასი 1.68 მილიონ იუანს (დაახლოებით $248 000) შეადგენს.