Denza Z-ი BYD-ისგან — ჰიპერქარი, რომელიც იმდენივეს იწონის, რამდენსაც BMW X5
ჩინური საავტომობილო გიგანტი BYD თავისი პრემიუმ ბრენდის, Denza-ს მეშვეობით, ელექტრონული ჰიპერქარების ბაზარზე ნამდვილ რევოლუციას აწყობს. აპრილის ბოლოს პეკინის ავტოშოუზე წარდგენილი როდსტერის შემდეგ, სულ რაღაც ექვს კვირაში, კომპანიამ ოფიციალურად გამოაჩინა კუპე ვერსიის ფოტოები და, რაც მთავარია, Denza Z ხაზის გიჟური ტექნიკური მახასიათებლები.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ჩინეთის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს (MIIT) მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ Denza Z ბაზარზე სამი ელექტროძრავით აღჭურვილი ორი სხვადასხვა ვერსიით გამოვა.
საბაზისო ვერსიაში ვხვდებით ერთ 268-ცხენისძალიან ელექტროძრავას წინა ღერძზე და ორ 215-ცხენისძალიანს უკანა ბორბლებზე. ჯამურად, ჰიპერქარის ეს ვერსია 482 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც თითქმის უთანაბრდება მისი მთავარი კონკურენტის, MG Cyberster-ის მაჩვენებლებს (502 ცხ.ძ.). სუპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ იქნება.

ფლაგმანი, ცხადია კიდევ უფრო აგრესიული და მძლავრია — ის აღჭურვილია უზარმაზარი, 670 ცხ.ძ. სიმძლავრის ელექტროძრავით წინა ღერძზე და ორი 456-ცხენისძალიანი მოტორით უკანა ბორბლებზე. ჯამურად Denza-ს ფლაგმანი 1582 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და 350 კმ/სთ სიჩქარის განვითრება შეუძლია.
სწორედ ეს უკანასკნელი ვერსია იყო ის ავტომობილი, რომელიც გასულ წელს ნიურბურგრინგის ლეგენდარულ ტრასაზე ტესტირებისას შეამჩნიეს. სტანდარტული კუპესგან განსხვავებით, ფლაგმანური მოდელი ბევრად უფრო აგრესიული ვიზუალითა და ტრეკზე ორიენტირებული აეროდინამიკური პაკეტით გამოირჩევა — შეცვლილი წინა ბამპერით, სპლიტერით, უნიკალური დისკებით, მასიური უკანა ფრთითა და დიდი დიფუზორით.

ელექტრომობილების მარადიული პრობლემა, რა თქმა უნდა, წონაა, და ამ მიმართულებით გამონაკლისი არც Denza Z-ია — საბაზისო კუპე 2 220კგ-ს იწონის, ხოლო ფლაგმანი მასზე 20 კილოგრამით უფრო მძიმეა. ფასები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრადიციულად, BYD-ის საფასო პოლიტიკის გათვალისწინებით, ეს მოდელები დასავლურ, ევროპულ ანალოგებზე ბევრად ხელმისაწვდომი იქნება.