მერსედეს ბენცი, ფორდი, ჯენერალ მოტორსი, ფოლცვაგენი, მერსედეს ჯი კლასი, რენო, დრონი, თავდაცვის სექტორი
Aa
Aa

Mercedes-ი სამხედრო სექტორში ბრუნდება | გერმანული კომპანია დრონსაწინააღმდეგო მანქანებს აწარმოებს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz-მა გერმანულ სტარტაპ Tytan Technologies-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. თანამშრომლობის ფარგლებში დრონსაწინააღმდეგო მანქანების წარმოება იგეგმება. შედეგად, Mercedes-ი იმ ავტომწარმოებელთა (შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზარდ) ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც, თითქოსდა კარგად მივიწყებული წარსულის შემდეგ, კვლავ სამხედრო ინდუსტრიაში ბრუნდებიან.

ასევე იხილეთ: მთავრობები ძვირადღირებული სამხედრო სატვირთოებით დაიღალნენ — Ford-ს ხელმისაწვდომი იდეა აქვს

ურთიერთგაგების მემორანდუმი ILA 2026-ზე, საერთაშორისო აერონავტიკულ გამოფენაზე გაფორმდა. გერმანული ავტომწარმოებლის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის სატრანსპორტო საშუალებების წარმოებას ითვალისწინებს. ეს უკანასკნელი მცირე ზომის დრონების განადგურების მიზნით იქნება გამოყენებული.

აქვე, Mercedes-ის წარსულზე: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

კომპანიის განცხადებით, შეთანხმების პირობებით Mercedes-ის საქმიანობა ფოკუსირებული იქნება „მანქანებზე ბაზირებულ დრონების საწინააღმდეგო თავდაცვასა და მისიის პლატფორმებზე, რომლებიც ადამიანებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავადაა განკუთვნილი“. ცნობისთვის, აღნიშნული სისტემები G-Class-ისა და Sprinter-ის მოდელების ბაზაზე აეწყობა.

როგორც გითხარით, Mercedes-ი არ არის ერთადერთი ავტომწარმოებლებს შორის, რომელთაც თავდაცვის ინდუსტრიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა გადაწყვიტეს. მსგავსი შეთანხმებები უკვე არაერთმა ევროპულმა თუ ამერიკულმა ავტომწარმოებელმა გამოაცხადა. მაგალითად, მარტში Renault-მა ჯერ სამხედრო და სამოქალაქო გამოყენებისთვის სამხედრო სახმელეთო დრონების შექმნა დააანონსა, მანამდე კი, თავდაცვის ჯგუფ Turgis Gaillard-თან პარტნიორობით, საფრანგეთში საჰაერო დრონების წარმოების გეგმებზეც განაცხადა.

გარდა ამისა, გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, Volkswagen-მა ისრაელის თავდაცვის ფირმა Rafael-თან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის კომპონენტების საწარმოებლად შეთანხმებას მიაღწია. ამავდროულად კი, ასევე აპრილში, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებმა, იარაღის წარმოების გაზრდის მიზნით, შეხვედრები General Motors-თან და Ford Motor-თან გამართეს.

ვრცლად: აშშ-ის თავდაცვის უწყება იარაღის წარმოების ზრდას ავტოგიგანტების დახმარებით გეგმავს | WSJ

რატომ შედიან ავტომწარმოებლები სამხედრო ინდუსტრიაში?

ავტომწარმოებლების სამხედრო ინდუსტრიაში შესვლა/დაბრუნება რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას. მათ შორის, ევროპული ავტოინდუსტრიის შემთხვევაში, დარგის ექსპერტები სტრუქტურულ კრიზისზე მიუთითებენ. ეს უკანასკნელი კი ელექტრომობილებზე მოთხოვნის შენელებით, ჩინური კონკურენტების მხრიდან გაზრდილი კონკურენციითა და სესხების მაღალი ხარჯით შეიძლება აიხსნას.

ამის საპირისპიროდ კი თავდაცვის სექტორი აღმავლობის გზას დაადგა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. შექმნილმა რეალობამ ევროპას აიძულა, სამხედრო წარმოებაში უფრო მეტად თვითკმარი და დამოუკიდებელი გამხდარიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები