ჰიბრიდული, ელექტრომობილები, ლექსუსი, სედანი, ლექსუს იესი, ლექსუს იეს-ი
Aa
Aa

Lexus-მა პირველი სრულად ელექტრო ES-ი გამოუშვა და ის ჰიბრიდზე იაფი ღირს

როგორც იქნა, Lexus-მა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის საწარმოო ხაზს სრულად ელექტრო ვერსიაც დაამატა. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კი მისი ფასია ­— განახლებული MY26 ES ხაზის ელექტრომობილი 50 000$-ზე იაფი ღირს.

ეს საფასო ნიშნული ახალ ES-ს მდიდრული ელექტრო სედანების სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ მოდელად აქცევს. საბაზისო, წინა ამძრავი, ES 350e Premium ვარიანტის ფასი 48 795$-ია — ამ ფასად თქვენი სედანი 220 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და 100კმ/სთ-მდე 7.7 წამში აჩქარდება. აი, თუ არჩევანს 350e Luxury კომპლექტაციაზე შეაჩერებთ, ფასი 57 195$-მდე მივა.


პერფორმანსის მაძიებლებისთვის იაპონური ავტომწარმოებელი ორძრავიან, სრულად ამძრავ ვერსიას — ES 500e-საც გვთავაზობს, რომელიც Premium კომპლექტაციით 51 795$, ხოლო Luxury კომპლექტაციით 60 195$ ეღირება. ავტომობილი 338 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 5.4 წამი სჭირდება.

მიუხედავად საინტერესო ფასისა და მდიდრული სეგმენტის წევრობისა, მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ არის მანძილი, რომლის გავლაც სედანს ერთი დამუხტვით შეუძლია. 350e-ს ხელახლა დამუხტვა 484კმ-ის გავლის შემდეგ სჭირდება, უფრო მომთხოვნი 500e კი დამმუხტველთან სტუმრობას ყოველ 254 კილომეტრში საჭიროებს.


თუ არ გსურთ, ბატარეის მუხტის კონტროლის მუდმივ სტრესში იყოთ, შეგიძლიათ ES-ის ჰიბრიდული ვერსია შეიძინოთ, რომელიც 2.5-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი — ჰიბრიდული სისტემა 243ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და ES 350h-ს 100კმ/სთ-მდე 7.4 წამში აჩქარებს. თუ 1400 დოლარით მეტს გადაიხდით, მიიღებთ სრულად ამძრავ ვერსიასაც, რომელიც 0.2 წამით უფრო სწრაფია.

მნიშვნელოვნადაა შეცვლილი მოდელის დიზაინიც — ახალი ES-ი წინა თაობის მოდელზე 150მმ-ით უფრო გრძელია, ახალ პლატფორმას ეყრდნობა და უფრო კუთხოვანი დიზაინი აქვს. განახლებულია ინტერიერიც, რომელშიც ბამბუკით ინსპირირებულ ჩანართებსა და 14-დუიმიან სენსორულ მონიტორს ვხვდებით.

აშშ-სთვის განკუთვნილ წინა თაობის ES-ებს Lexus-ი კენტუკის შტატში აწყობდა, თუმცა ახალი თაობის მოდელი შტატებში პირდაპირ იაპონიიდან იმპორტირებული იქნება — ტოიოტამ გადაწყვიტა, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე სედანების წარმოება შეწყვიტოს.

და თქვენ რომელ ვერსიას შეიძენდით, ჰიბრიდულს თუ სრულად ელექტროს?

მსგავსი სიახლეები