მადრიდის „რეალი“ „ატლეტიკოსთან“ მატჩზე თავის ახალ უსაფრთხოების მანქანას წარადგენს
მადრიდის „რეალმა“ და BMW-მ, რომელთაც უკვე მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ, გადაწყვიტეს, ესპანური კლუბის ამჟამინდელი უსაფრთხოების მანქანა „დაასვენონ“ და „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე სრულიად ახალი მოდელით წარდგნენ. ალბათ შეამჩნევდით, რომ ბოლო წლებში „რეალის“ ფეხბურთელები გერმანული სპონსორისგან უმეტესად ელექტრომობილებს იღებენ. ეს ერთგვარი მინიშნებაა ავტომწარმოებლის სტრატეგიისა, რომელიც ელექტრიფიკაციისკენაა მიმართული. ასე რომ, არავისთვის იქნება მოულოდნელი, რომ ესპანელების ახალი „სეიფთი ქარი“ ელექტრომობილი იქნება.

ამჟამად „მადრიდის რეალს“ M5 Touring-ი ემსახურება, რომელიც გასული წლის აპრილიდან გუნდს ყველა ვიზიტის დროს წინ მიუძღვის. ახლა კი მის როლს სრულიად ელექტრო iX3 შეითავსებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ BMW-მ მადრიდელთა ვარსკვლავს, კილიან მბაპესაც გადასცა.
ასევე დაგაინტერესებთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
ახალი iX3 არის 4.78-მეტრიანი SUV, რომელიც 469 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ერთი დამუხტვით 805 კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობა აქვს. შედეგად, ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 4.9 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ითაა შეზღუდული. BMW 400 კვტ სიმძლავრით იმუხტება, რაც მას საშუალებას აძლევს, 372 კილომეტრის გასავლელად საკმარისი ენერგია 10 წუთში აღიდგინოს.
iX3 არა მხოლოდ ახალი მოდელი, არამედ BMW-ს ახალი დიზაინერული ენის, „ნოიე კლასეს“ (Neue Klasse) პიონერიც გახლავთ. ინოვაციებით დატვირთული ეს მოდელი რიგი სიახლეებით გამოირჩევა: დაწყებული ახალი საინფორმაციო პანელით, რომელიც ინსტრუმენტთა დაფის მთელ ზედა ნაწილს ფარავს, დასრულებული ელექტროარქიტექტურით, რომელიც BMW-ს ოთხ მაღალი ხარისხის კომპიუტერს იყენებს.
ასევე იხილეთ: კილიან მბაპემ BMW-სგან ახალი ავტომობილი მიიღო | ფრანგის პირველი ავტომობილი EV-ია

iX3-ის დებიუტი „რეალ მადრიდის“ უსაფრთხოების მანქანის რანგში კვირას, 22 მარტს, „ატლეტიკოსთან“ დანიშნულ მატჩამდე შედგება. შესაბამისად, სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებსაც მიეცემათ საშუალება, თავიანთი თვალით იხილონ მოდელი, რომელიც უკვე 69 900 ევროს საწყისი ღირებულებით იყიდება.