Ferrari-ს პასუხი Mazda-ს: რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანია პირველ EV-ზე?
მიმდინარე წლის თებერვალში იტალიურმა Ferrari-მ თავისი პირველი ელექტრომობილის სახელი — Luce წარადგინა. თუმცა მაშინ, ალბათ, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიას თავსატეხად ექცეოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ იმავე სახელს წარსულში Mazda-ს მოდელი ატარებდა და ამ უკანასკნელმაც გადაწყვიტა, სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციაზე „დიდი ხმაურის გარეშე“ განაცხადი შეეტანა.
ასევე დაგაინტერესებთ: Mazda-ს დავა Ferrari-სთან | იტალიელებს პირველი EV-ისთვის სახელის შეცვლა მოუწევთ?
რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არავის გამორჩენია და მალევე განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. აქტიურად იწერებოდა იმის შესახებაც, რომ Mazda-ს განაცხადის გამო Ferrari-ს, შესაძლოა, სახელწოდების შეცვლა დასჭირვებოდა. თუმცა, იტალიელებმა ეს ინფორმაცია მალევე გააქარწყლეს და საკმაოდ თავდაჯერებული განცხადება გამოაქვეყნეს.

როგორც Ferrari-ს განცხადებიდან ვიგებთ, ავტომწარმოებელი მიიჩნევს, რომ მისი უფლებები სახელწოდებაზე სრულიად კანონიერია და გეგმების ცვლილება არ იგეგმება:
„საერთაშორისო სამართლის წესებით რეგისტრაციის საფუძველზე, Ferrari-ს აქვს უფლება, საერთაშორისო დონეზე გამოიყენოს Ferrari Luce-ს სავაჭრო ნიშანი. Ferrari-ს მიერ ჩატარებული კვლევით არ გამოვლენილა მესამე მხარის სამართლებრივი უფლებები, რომელიც ჩვენს უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე იხილეთ: ვინ, როგორ და რატომ შექმნა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ძრავა?
საკითხთან დაკავშირებული წყაროების ცნობითვე, Ferrari-ს მოკვლევის დროს მსგავსი სავაჭრო ნიშანი Mazda-ს საკუთრებაში არ იძებნებოდა. ფაქტობრივად გამოდის, რომ Ferrari-მ სახელწოდებაზე რეგისტრაციისთვის მიმართვა 2026 წლის 9 თებერვალს წარადგინა, ხოლო Mazda-მ მოგვიანებით — 2026 წლის 4 მარტს. ცნობისთვის, სავაჭრო ნიშანი Mazda-მ იაპონიაში, ხოლო Ferrari-მ იტალიაში დაარეგისტრირა.

შეგახსენებთ, რომ Ferrari Luce-ს დებიუტი 2026 წლის მაისშია დაგეგმილი. მანამდე კი კომპანიამ პირველი ელექტრომობილის შესახებ გარკვეული დეტალები გაამხილა. კომპანიის ინფორმაციით, მოდელს 4 ელექტროძრავა და 122 კვტ.სთ სიმძლავრის აკუმულატორი ექნება, სავარაუდოდ, 530 კმ-ის სავალი დიაპაზონით. ელექტრომობილმა 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 2.5 წამში უნდა შეძლოს, მაქსიმალური სიჩქარე კი 310 კმ/სთ-ით განისაზღვრება.