ავტონომიური მანქანა, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა, ტესლა მოდელ იქსი, უბერი
Aa
Aa

Uber-ის თვითმართვადი სისტემების ყოფილი ბოსი ავარიაში Tesla-ს ავტონომიური ტექნოლოგიით მოყვა...

რაფი კრიკორიანი თავისი Tesla Model X-ით ავარიაში მოყვა. ალბათ, ამ ადამიანის შესახებ არც გსმენიათ... გეტყვით, რომ ეს სტატია ავარიაზე მეტად სიტუაციის ირონიულობას შეეხება. 

ავტოინდუსტრიაში ელექტრომობილების ეპოქა ნელნელა დგება — ამ პროცესის თანმდევი კი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებია — ირონია სწორედ აქ იმალება — რაფი კრიკორიანი წლების განმავლობაში Uber-ის თვითმართვადობის ტექნოლოგიის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ახლა კი ავარიაში Tesla-ს ანალოგიური სისტემით მოყვა.   

The Atlantic-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, კრიკორიანი შვილებთან ერთად საქალაქო გზაზე Tesla-ს FSD (Full Self-Driving) სისტემით გადაადგილდებოდა, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, თვეების განმავლობაში საკმაოდ მიეჩვია. მოულოდნელად, ავტომობილმა მოუხვია, საჟე გაშეშდა და Model X ბეტონის კედელს დაეჯახა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევამ კრიკორიანი ტექნოლოგიის უსაფრთხოებაზე ძალიან დააფიქრა. ყველაზე ირონიული კი მაინც ისაა, რომ პასუხისმგებლობა ავარიაზე სწორედ მას ეკისრება, რადგან Tesla-ს თვითმართვადობის ტექნოლოგია საჭესთან ადამიანი მაკონტროლებლის ყოფნას მოითხოვს — მართალია, შეჯახება ავტომობილის გამო მოხდა, თუმცა პასუხისგმებელი ოფიციალურად მაინც კრიკორიანია. 

ამ საკითხთან დაკავშირებით Tesla-მ უკვე არაერთ სასამართლო პროცესზე იმარჯვა — კომპანია მძღოლებს მუდმივად აფრთხილებს, რომ ავტონომიურობის ფუნქცია უნაკლო არ არის და მძღოლი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს საჭეზე კონტროლის დასაბრუნებლად. 

კრიკორიანის თქმით, პრობლემა ფსიქოლოგიურია — ავტომობილი უმრავლეს შემთხვევაში ავტონომიურად იმდენად კარგად გადაადგილდება, რომ მის მძღოლს ყველანაირი რისკი ავიწყდება და ყურადღებით ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, ხოლო როცა ტექნოლოგია შეცდომას უშვებს, რეაგირებისთვის უკვე ძალიან გვიანია. მკვლევარები ამას ყურადღების დაქვეითებით ხსნიან — როცა ადამიანი აკვირდება სისტემას, რომელიც თითქმის არასდროს ცდება, მათი ყურადღება ამ საკითხზე ვეღარ კონცენტრირდება. 

თქვენ რამდენად ენდობოდით ავტონომიურ სისტემებს?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები